სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი: ანსამბლი "ფესვები" აჭარისკენ გააბრუნეს – თავად იფიქრეთ, საიდან მოვიდა მითითება

Facebook/ სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით ორბელიანების სასახლეში გამართულ მაღალმთიანი აჭარის ფოლკლორის საღამოზე პრეზიდენტმა სტუმრებს სიტყვით მიმართა. ზურაბიშვილმა საუბრისას მწუხარება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ანსამბლი "ფესვები", რომელიც  ღონისძიებაზე აჭარიდან უნდა ჩამოსულიყო, გზიდან გააბრუნეს და სასახლეში მოსვლის ნება არ მისცეს. 

"ერთი რამ უნდა ვთქვა, ძალიან სამწუხაროა, რომ ანსამბლი "ფესვები", რომელიც აჭარიდან უნდა ჩამოსულიყო გზიდან გააბრუნეს, იმიტომ, რომ თურმე პრეზიდენტის სასახლეში ნებადართული არ არის მოღვაწეობა. თქვენ თვითონ იფიქრეთ, საიდან მოვიდა ასეთი მითითება და რას ნიშნავს ეს - თუ ეს არ არის კულტურული ბოლშევიზმი, მე არ ვიცი, ამას რას ჰქვია.

სამწუხაროა და მე მინდა მათ ჩემი სახელით ბოდიში მოვახსენო იმისთვის, რომ ამ ფორმით გზიდან გააბრუნეს და საზოგადოებას მინდა ბოდიში მოვუხადო იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში დღეს ასეთი რაღაცები შეიძლება ხდებოდეს. ძალიან ვწუხვარ, მაგრამ მაინც გვექნება საღამო, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს სხვა ანსამბლი - "მარგალიტი" და ძალიან დიდი მადლობა მათ, რომ შემოგვიერთდნენ და დარწმუნებული ვარ, ძალიან სერიოზული, სასიამოვნო და ღირსშესანიშნავი საღამო გვექნება". - თქვა ზურაბიშვილმა.

კომენტარები