ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანთმა რამადანის თვის დაწყებაზე ისაუბრა და თქვა, რომ ისრაელი ყველა შესაძლო თავდასხმისთვის და პროვოკაციისთვის მზადაა. მისი თქმით, რამდენადაც რამადანის თვე წმინდა თვეა მუსლიმებისთვის, ის ასევე შეიძლება იყოს ჯიჰადის თვეც და ისრაელი ყველა თავდასხმას შესაბამისად უპასუხებს.
გალანთის თქმით, რამადანი წმინდა თვეა, რადგან გადმოცემის თანახმად, ამ თვეში გაცხადდა ყურანი და სწორედ რამადანის დროს არის შესაძლებლობა მეზობლური ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის და ოჯახური კავშირების გაძლიერებისთვის.
"ჩვენ ვიცით, რომ რამადანი ასევე შეიძლება იყოს ჯიჰადის თვეც. მივმართავთ ყველას, ვინც ცდილობს გამოგვცადოს - ჩვენ მზად ვართ, შეცდომები არ დაუშვათ" - თქვა გალანთმა.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა საჯარო მიმართვა რამადანის მილოცვით დაიწყო და თქვა, რომ ისრაელი პატივს სცემს ადამიანების თავისუფალი აღმსარებლობის უფლებას ალ-აქსას მეჩეთში და სხვა წმინდა ადგილებში.





