რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მაკრონმა თქვა, რომ უკრაინის დახმარებაზე ლიმიტი არ უნდა გვქონდეს – ფრანგი ოპოზიციონერები

 Michael Campanella/Getty Images

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს თქვა, რომ უკრაინის მხარდაჭერის თვალსაზრისით ლიმიტები და წითელი ხაზები არ უნდა ჰქონდეთ. ამის შესახებ შეხვედრაზე მყოფმა ოპოზიციონერებმა ისაუბრეს.

მწვანეთა პარტიის ლიდერის, მარინ ტონდელიეს თქმით, მაკრონმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ პუტინს "აშკარად არ აქვს ლიმიტები" და "უნდა ვაჩვენოთ, რომ არც ჩვენ გვაქვს ლიმიტები". 

ულტრამემარჯვენე პარტიის, ეროვნული გაერთიანება (RN) პრეზიდენტის, ჯორდან ბარდელას თქმით, პრეზიდენტი "არანაირ ლიმიტებს და არანაირ წითელ ხაზებს" არ მოიაზრებს. 

შეხვედრიდან გამოსულმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა თქვეს, რომ პრეზიდენტის ნათქვამმა აღაშფოთათ. 

"ანერვიულებული მივედი და უფრო ანერვიულებული დავბრუნდი". - თქვა მანუელ ბომპარდმა, ულტრამემარცხენე ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა.

მაკრონის სიტყვები კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმაც შეაფასა და თქვა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი "განაგრძობს (რედ. - ომში) საფრანგეთის პირდაპირი ჩართულობის დონის ზრდას". 

მანამდე, 26 თებერვალს ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ არ გამორიცხავდა უკრაინაში ჯარის გაგზავნას, რასაც ბევრი კრიტიკული კომენტარი მოჰყვა. მაკრონის ევროპელმა კოლეგებმა დააზუსტეს, რომ ისინი უკრაინაში ჯარის გაგზავნას არ აპირებდნენ. ფრანგმა ლიდერებმა განმარტეს, რომ უკრაინაში უნდა გაიგზავნოს სპეციალური ოპერაციების რაზმები, რომლებიც მაგალითად გამნაღმველ სამუშაოებში ჩაერთვებიან. 

6 მარტს მაკრონმა პრაღაში ვიზიტისას უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების მნიშვნელობაზე ისაუბრა და თქვა, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ევროპულმა სახელმწიფოებმა სიმხდალე არ გამოიჩინონ.

კომენტარები