რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მაკრონი უკრაინაში სამხედროების გაგზავნის შესახებ: ჩემი სიტყვები აწონ-დაწონილი იყო

 Michael Campanella/Getty Images

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ განცხადება უკრაინაში დასავლელი სამხედროების გაგზავნის შესახებ მიზანმიმართულად გააკეთა. მაკრონის თქმით, მისი სიტყვები აწონ-დაწონილი და ფრთხილად გააზრებული იყო.

"ეს საკმარისად სერიოზული საკითხებია. ყოველი სიტყვა, რომელსაც ვამბობ ამ საკითხზე აწონ-დაწონილი, გააზრებული და გაზომილია". - თქვა მაკრონმა. 

ცნობა, რომ უკრაინაში სამხედროების გაგზავნა NATO-სა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის განიხილებოდა, თავდაპირველად სლოვაკეთის პრემიერმინისტრმა, რობერტ ფიცომ გაავრცელა, რაც შემდეგ მაკრონმაც დაადასტურა. მისი თქმით, ამ შესაძლებლობას "ძალიან თავისუფლად და პირდაპირ" განიხილავენ.

"დღეს არ არსებობს შეთანხმება უკრაინაში სახმელეთო ჯარების ოფიციალურად გაგზავნაზე, მაგრამ... არაფერია გამორიცხული." - თქვა მაკრონმა.

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მწვავე დებატები გაიმართა და საბოლოო გადაწყვეტილებამდე არ მისულან.

კრემლში გავრცელებულ ცნობებს გამოეხმაურნენ და თქვეს, რომ თუ ევროპული ქვეყნები უკრაინაში სამხედროებს განალაგებენ, მაშინ NATO-სთან ომი გარდაუვალი გახდება.

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსი უკრაინაში სამხედროების გაგზავნას არ გეგმავს. ამავე შინაარსის კომენტარი გააკეთეს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტშიც.

კომენტარები