ნარკოდანაშაული

კუპრაძე: თამარ გუდავაზე და მის შვილზე მეფიქრება – დედამ თავისი საქმე უნდა გააგრძელოს

ლელო

ლელოს გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, თამარ გუდავას შვილის ნარკოტიკული საშუალების გასაღების ბრალდებით დაკავების ფაქტს გამოეხმაურა. კუპრაძის თქმით, შვილის დანაშაულის მიუხედავად გუდავამ, რომელმაც თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო, პროფესიული საქმიანობა უნდა განაგრძოს.

"მესამე დღეა მეფიქრება ბათუმელ ჩინოვნიკზე, თამარ გუდავაზე და მის შვილზე.

მოვლენა ძალიან მძიმეა, შვილი უნდა დაისაჯოს და სხვა ალტერნატივა არ არსებობს! ძლიერი და ღირსეული დედაც კი ასე თვლის, პირველივემ თქვა ეს, რაც მხოლოდ მის კეთილსინდისიერებაზე მიუთითებს.

გუდავასგან მყისიერად გადადგომის განცხადება, აუცილებელი, მაგრამ თან მძიმე მოსასმენი იყო.

რამდენიმე მოქალაქის მხარდაჭერის პროცესში, მქონია ამ ქალთან საქმიანი გადაკვეთა და მიუხედავად იმისა, რომ კარგად მიცნობდა, იცოდა როგორი უმუხრუჭო კრიტიკოსი ვიყავი ხელისუფლების, საქმიანი და კეთილსინდისიერი თანამშრომლობის გარდა, სხვა არაფერი მიგრძვნია.

ამ პოსტით ერთი რამის თქმა მინდა: დამნაშავე უნდა დაისაჯოს მიუკერძოებლად და სამართლიანად! დამნაშავის დედა არ უნდა განადგურდეს სოციალურად, ის უნდა მუშაობდეს და გააგრძელოს საქმე, რასაც წლების განმავლობაში აკეთებდა, მაღალი პროფესიული სტანდარტით!

სხვანაირად, სამართლებრივ და სოლიდარულ საზოგადოებას ვერ ავაშენებთ!". - წერს კუპრაძე Facebook-ზე.


5 მარტს საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამტრედიაში სავარაუდოდ ნარკოტიკების ზედოზირებით ერთი პირი გარდაიცვალა, ხოლო აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსის, თამარ გუდავას შვილი, რომელიც გარდაცვლილთან ერთად იმყოფებოდა დააკავეს და ბრალდება წარუდგინეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიებით დადგინდა, "1 მარტს, ორმა პირმა, შემდგომში გასაღების მიზნით, პოლიეთილენის პაკეტებში დაფასოებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (ფუძე) სამტრედიის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მიიტანეს და მდინარის პირას ე.წ. "ლოკაციებზე" განათავსეს. მათ ტელეფონის ფოტოკამერით, ადგილმდებარეობის კოორდინატების მითითებით, თითოეულ ლოკაციას ფოტოსურათი გადაუღეს, რათა შემდგომში ისინი ნარკოტიკული საშუალებების შემძენი პირებისთვის გადაეგზავნათ. გამოძიების მიერ ამ დროისთვის მოპოვებული ინფორმაციით, აღნიშნულის შემდგომ ორივე პირმა მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება, რის შემდგომაც ერთ-ერთი მათგანი სავარაუდოდ ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაიცვალა". - წერს პროკურატურა განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული 2 მარტს დააკავეს და მას ბრალდება  სისხლის სამართლის კოდექსის 19, 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და მეშვიდე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად გასაღების მცდელობის ფაქტი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თოთხმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

განვითარებული მოვლენების გამო, ბრალდებულის დედამ, თამარ გუდავამ კულტურის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა დატოვა - ინფორმაცია მან Facebook პოსტის საშუალებით გაავრცელა. 

"მეგობრებო, ვარ მთლიანად განადგურებული! პირველ რიგში იმიტომ, რომ მე თავად არ ვიცი რა უბედურება ხდება ჩემს თავს! მეც ახლა ვარკვევ სიტუაციას. მინდა იცოდეთ, რომ თუ დადასტურდა ინფორმაცია ჩემი უფროსი შვილის რაიმე სახის ბრალეულობაზე, ის აუცილებლად აგებს მკაცრად პასუხს კანონის წინაშე!

ყველანაირი უხერხულობის თავიდან ასაცილებლად ვწერ განცხადებას და მივდივარ კულტურის დეპარტამენტის უფროსის პოზიციიდან". - წერს გუდავა.

კომენტარები