ე.წ ქურდული სამყარო

სასამართლომ ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 10 პირი დამნაშავედ ცნო

პროკურატურის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ კანონიერ ქურდობაში, ქურდული სამყაროს წევრობასა და ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამნაშავედ ცნო. 

უწყების მითითებით, მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ საზღვარგარეთ მყოფი ე.წ კანონიერი ქურდის დავალებით და დისტანციურად მონაწილეობით, ქურდული სამყაროს წევრებმა თბილისში ე.წ ქურდული გარჩევა მოაწყვეს, ფინანსური დავა განიხილეს და ერთ-ერთ მხარეს 80 000 ლარის გადახდა დააკისრეს.

"პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223’-ე მუხლის მეორე ნაწილით ("კანონიერი ქურდობა"), ხოლო ცხრა პირს - სსკ-ის 223’-ე მუხლის პირველი ნაწილით ("ქურდული სამყაროს" წევრობა) წარუდგინა.  

სასამართლოს გადაწყვეტილებით, "კანონიერ ქურდობაში" ბრალდებულს სასჯელის სახით 10 წლით, "ქურდული სამყაროს" წევრობაში ბრალდებულ 3 პირს - 8 წლით, ხოლო 5 პირს - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.

რაც შეეხება "ქურდული სამყაროს" წევრობის ფაქტზე კიდევ ერთ ბრალდებულს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მისი ქმედება გადაკვალიფიცირდა "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერად და სასჯელის სახით 3 წლით და 6 თვით თავისუფლება აღკვეთა განესაზღვრა. დასაბუთებული განაჩენის მიღების შემდგომ, ბრალდების მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას აღნიშნულ პირთან მიმართებაში სააპელაციო წესით გაასაჩივრებს". - წერია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები