ე.წ ქურდული სამყარო

"ქურდული სამყაროს" წევრობისა და "ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვისთვის 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, "ქურდული სამყაროს" წევრობისა და "ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვის ბრალდებით თბილისში 4 პირი დააკავეს. დაკავებული არიან: 1988 წელს დაბადებული ლ.გ., 1991 წელს დაბადებული გ.დ., 1986 წელს დაბადებული ა.დ. და 1977 წელს დაბადებული გ.მ.

შსს-ს ინფორმაციით, ერთ-ერთმა დაკავებულმა ფინანსური დავის გადაწყვეტისთვის "ქურდული სამყაროს" წევრებს მიმართა, რომლებიც საზღვარგარეთ მყოფ "კანონიერ ქურდს", თ.ჭ - ს დაუკავშირდნენ.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულებს შორის სატელეფონო "ქურდული გარჩევა" შედგა. გარჩევის შედეგად დავა გ.მ - ს სასარგებლოდ გადაწყდა და მეორე მხარეს 4 500 ლარისა და 6 300 დოლარის გადახდა დააკისრეს. 

"პოლიციამ, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ", - წერია შსს-ს განცხადებაში.  

შსს-ს ცნობით, გამოძიება „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა-მუხლით მიმდინარეობს. დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

კომენტარები