ე.წ ქურდული სამყარო

ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში ბრალდებულ 6 პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 6 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურამ ე.წ ქურდული სამყაროს წევრობისთვის და მისი წევრისთვის მიმართვის ფაქტზე მათ ბრალდება გუშინ, 16 თებერვალს წარუდგინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ "ქურდული სამყაროს"  ოთხმა წევრმა, 2023 წლის ნოემბერში, ორი მოდავე მხარის მიმართვის საფუძველზე, ქალაქ გორში "ქურდული გარჩევა" მოაწყო. ბრალდებულებმა მხარეებს შორის არსებული კონფლიქტი განიხილეს და გადაწყვეტილება "ქურდული სამყაროს" წესების შესაბამისად მიიღეს.

აღნიშნული ქმედებისთვის 4 პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით ("ქურდული სამყაროს" წევრობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო 2 პირს ბრალდება სსკ-ის 2234-ე მუხლის პირველი ნაწილით ("ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვა) წარედგინა, რაც 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს". - წერია პროკურატურის განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე დაკავებულები არიან: 1991 წელს დაბადებული ზ.კ. (მეტსახელად „კეკო“), 1986 წელს დაბადებული ნ.მ. (მეტსახელად „მაჩიტა“), 1989 წელს დაბადებული გ.ა. და 1998 წელს დაბადებული ნ.თ. (მეტსახელად „ბაბუცა“). ხოლო ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვისთვის კი 2000 წელს დაბადებული ლ.ლ. და 2004 წელს დაბადებული გ.ი. მიეცნენ პასუხისგებაში.

კომენტარები