ე.წ ქურდული სამყარო

ჭიათურაში "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

shutterstock

პოლიციამ იმერეთში "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. შსს-ს ცნობით, "ქურდული სამყაროს" წევრებმა ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელს საწარმოს მოგების 30%-ის გადახდა აიძულეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მონაწილეობდა მიმდინარე წლის 12 მარტს, "ქურდული სამყაროს" წევრების, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ჯ.ი.-სა და გ.წ.-ს ორგანიზებით მოწყობილ "ქურდულ შეკრებაში“, რომლის გადაწყვეტილების თანახმად, ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელს საწარმოს მოგების 30%-ის გადახდა დაეკისრა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, მ.გ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჭიათურაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს.

აღსანიშნავია, რომ პოლიციამ ხსენებული "ქურდული გარჩევის" ორგანიზატორები, წარსულში ნასამართლევი პირები: 1973 წელს დაბადებული ჯ.ი. და 1986 წელს დაბადებული გ.წ. მიმდინარე წლის აპრილში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობისა და „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით დააკავა" - აცხადებს შსს.

მ.გ.-ს მიმართ გამოძიება საქართველოს სსკ-ის 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს ("ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერა იმ პირის მიერ, რომლისთვისაც ცნობილია "ქურდული სამყაროს" საქმიანობის შესახებ და რომელიც აქტიური ქმედებით ხელს უწყობს „ქურდული სამყაროს“ საქმიანობას) დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები