საქართველო-ევროკავშირი

როდემდე დაეხმარება საქართველოს ევროკავშირის "ღია ფანჯარა" და უნგრეთთან მეგობრობა

საქართველო-ევროკავშირი

როდემდე დაეხმარება საქართველოს ევროკავშირის "ღია ფანჯარა" და უნგრეთთან მეგობრობა

წარმოიდგინეთ, რომ ტრიო ერთად იწყებს მოგზაურობას საერთო მიზნისკენ, მაგრამ ერთ მომენტში აქამდე მათი ლიდერი უკან რჩება. შეიძლება, ეს დისტოპიური რომანის სიუჟეტს ჰგავდეს, მაგრამ ევროკავშირისკენ ინტეგრაციის გზაზე სწორედ მსგავსი სცენარი განვითარდა უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოსთვის. საქართველო უკრაინაში მიმდინარე ომის გამო შექმნილი გეოპოლიტიკური "ღია ფანჯრის" იმედად და საეჭვო მეგობრების იმედად დიდ ხანს დარჩა, თუმცა ამ მდგომარეობამ თავი ამოწურა.

2022 წელს უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღეს, საქართველომ ვერა. მან სტატუსის მიღება მხოლოდ 2023 წლის ბოლოს შეძლო მაშინ, როცა ტრიოს იმ ორმა წევრმა უკვე გაწევრიანების მოლაპარაკებები დაიწყო.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალი ანგარიშის თანახმად, საქართველო პარტნიორობის ჩარჩოში გაერთიანებულ 6 ქვეყანას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური წარმატებით მე-3 ადგილს იკავებს. მას ამჟამად უსწრებენ უკრაინა და მოლდოვა. საქართველომ გაწევრიანების გზაზე წინსვლისთვის 2022 წელს ევროკომისიისგან შესასრულებლად 12 რეკომენდაცია მიიღო, რომლიდანაც საბოლოო ანგარიშის თანახმად სრულად შესრულებულად მხოლოდ 3 ჩაითვალა. პირობები კვლავ განახლდა და ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი ახალი და ძველი 9 რეკომენდაციის შესრულების დათქმით მიიღო.

არასამთავრობო სექტორი და ოპოზიცია პირობების შესასრულებლად ქართული ოცნების მთავრობის გეგმას აკრიტიკებენ და თვლიან, რომ ხელისუფლება არასაკმარის ძალისხმევას იჩენს. მეორე მხრივ, ევროკავშირის გადაწყვეტილებებით თავდაჯერებულ ხელისუფლებას არგუმენტად სწორედ ის ფაქტი მოჰყავს, რომ სტატუსი პირობების სრულად შესრულების გარეშეც მიიღეს, ხოლო კრიტიკას ასოცირებული ტრიოს "დაშლის" შესახებ იმით პასუხობენ, რომ ისინი მეტ მხარდაჭერას უკრაინაში მიმდინარე ომის გამო იღებენ.

სინამდვილეში ამგვარი არგუმენტების შემოწმება და კონტრასტის დანახვა რიცხვებითაა შესაძლებელი. ევროკომისიის დასკვნით, უკრაინამ მისთვის აქამდე მინიჭებული 7 რეკომენდაციიდან უმრავლესობა სრულად შეასრულა. იმავეს თქმა შეიძლება მოლდოვაზეც, რომელმაც 9 პირობიდან სრულად 6 შეასრულა.

ნათელია, რომ ტრიოს "დაშლას" პრაგმატული საფუძველი ნამდვილად ჰქონდა, რადგან გზაზე მიმავალი სამი წევრიდან ორი უფრო უნარიანი აღმოჩნდა, მათ შორის მიუხედავად საომარი მდგომარეობისა. თუმცა აქ ჩნდება კიდევ ერთი კითხვა: მაშინ საერთოდ რატომ მიენიჭა საქართველოს კანდიდატის სტატუსი პროგრესის სიმცირის მიუხედავად და როგორია პოტენციური განვითარების სცენარები.

ერთი მხრივ, პასუხი გადაწყვეტილების მიღების დროს მოსახლეობის პოლიტიკური ნების მხარდაჭერაა (ბოლო კვლევებით საქართველოს მოსახლეობის 86% ევროკავშირში გაწევრიანებას ემხრობა), ხოლო, მეორე მხრივ, EU-ს შიდა პოლიტიკური სამზარეულო და ბლოკში საქართველოს "მეგობრის" როლია.

განსაკუთრებით 2023 წლის განმავლობაში საქართველოსა და უნგრეთის მთავრობებს შორის კავშირები გააქტიურდა, რაც საქართველოს დემოკრატიული და დასავლური ღირებულებებისთვის კარგის მომასწავებელი ნამდვილად არ არის. მეორე მხრივ, არსებობს მოსაზრება, რომ ვიქტორ ორბანის მთავრობა ევროკავშირში მისი მსგავსი იდეოლოგიის მქონე ახალი მოკავშირის გაწევრიანებას აქტიურად დაუჭერს მხარს, თანაც უკრაინისა და მოლდოვის წინსვლის მხარდაჭერით ვაჭრობის გზით. მედია წყაროების თანახმად, უნგრეთის პრემიერმინისტრმა ჯერ კიდევ 2023 წლის ზაფხულში გააჟღერა პირობა, რომ მხარს არ დაუჭერდნენ უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას, თუ ევროპული საბჭო საქართველოს კანდიდატის სტატუსს არ მიანიჭებდა.

ამასთან, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სულ ახლახან თქვა, რომ 2024 წლის მეორე ნახევარში ევროკავშირის საბჭოში მათი პრეზიდენტობისას უნგრეთი ყველაფერს გააკეთებს საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად.

პარალელურად საქართველოს ახალი პრემიერმინისტრი ჰყავს და პოლიტიკაში მმართველი პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნდა ევროპარლამენტისა და სხვა საერთაშორისო აქტორების მიერ არაერთხელ პრორუს ოლიგარქად მოხსენიებული ბიძინა ივანიშვილიც. პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ მთავრობის რიტორიკა შეიცვალა კიდევ უფრო უცნაური გახდა.

ფაქტია, რომ საქართველოსთვის ევროკავშირში ინტეგრაციისკენ გზა ამჟამად სწორედ პირობების შესრულებაზე გადის და აქამდე ხელისუფლების მიერ ნაცადი ხერხები ვეღარ გაჭრის. უნგრეთთან კავშირები და გაჟღერებული დაპირება არც ისე საიმედოა. 2024 წლის ზაფხულში ევროპარლამენტის არჩევნებისა და ევროკავშირის სტრუქტურების რეორგანიზაციის პირობებში საქართველოსნაირ პატარა ქვეყანაზე, რომელიც კანდიდატების მოსაცდელ ოთახშიც უკვე დასვეს, ყურადღების გამახვილება მოსალოდნელი არ არის (განსაკუთრებით რეკომენდაციების არცთუ ისე სრულად შესრულების პირობებში).

ამჟამად საქართველოსთვის მიცემულ პირობებში უფრო ღრმა რეფორმებიცაა შეტანილი. მათ შორისაა: ევროკავშირის საერთო საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაახლოება, თუმცა საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს კვლავ არ უერთდება და ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას აღრმავებს; ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ დეზინფორმაციასთან ბრძოლა, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირ შემთხვევაში თავად არიან ამ დეზინფორმაციის გამავრცელებლები; პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრა, თუმცა 2024 წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების პირობებში პარტიული პოლარიზაცია კიდევ უფრო ღრმავდება; სასამართლო რეფორმა, თუმცა იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და სასამართლო სტრუქტურებს კვლავ აშშ-ს მიერ სანქცირებული მოსამართლეები მართავენ; დეოლოგარქიზაციის გეგმის გაუმჯობესება, თუმცა პოლიტიკაში ერთადერთ ოლიგარქად მოხსენიებული პირი დაბრუნდა და ასე შემდეგ.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ასოცირებული ტრიოს წევრებს ჩამორჩა, უნდა აღინიშნოს, რომ სამივე მათგანის ინტეგრაცია გეოპოლიტიკურმა ძვრებმაც წაახალისა. თავდაპირველი გეგმით, საქართველოს მთავრობა კანდიდატობის სტატუსის მისაღებად განაცხადის შეტანას 2024 წლამდე საერთოდ არ აპირებდა, თუმცა უკრაინის გადაწყვეტილებამ მოლდოვა და საქართველოც ააჩქარა. შემდეგში უკვე თავად ქვეყნებზე იყო დამოკიდებული რამდენად გამოიყენებდნენ ამ "ღია ფანჯარას". მთავარი ფაქტორი სამივე ქვეყნის შემთხვევაში პირობების ეფექტურად შესრულება იყო, რადგან "ღია ფანჯარამ" გარეშე ძალებისგან დახმარების მოწოდების რესურსი ამოწურა.

ამჟამად გასაღები საქართველოს ხელისუფლების მეტ აქტიურობაში და დაჩქარებულ რეფორმებშია, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველო იმ კანდიდატი ქვეყნების ბედს გაიზიარებს, რომლებიც ამ სტატუსს წინსვლის გარეშე ათწლეულის განმავლობაში ატარებენ. მიმდინარე არჩევნების წელი გამორჩეული შესაძლებლობაა საქართველოსთვის, რომ დასავლეთს აჩვენოს დემოკრატიის დონე სამართლიანად წარმართული პროცესით. იმავე შეიძლება ითქვას სხვა რეფორმებზეც, რომელთა უმრავლესობაში პირველი ნაბიჯის გადადგმა საკმაოდ მარტივი და პრაგმატული გადაწყვეტილებებით შეიძლება, მათ შორის სასამართლო სისტემიდან სანქცირებული მოსამართლეების მოშორებით და სხვა.

ირაკლი მაჩაიძე არის ჟურნალისტი, პოლიტიკური ანალიტიკოსი და Young Voice Europe-ის წარმომადგენელი. მუშაობს როგორც ადგილობრივ, ისე საკითხებზე ევროკავშირის პოლიტიკისა და რეგიონული უსაფრთხოების შესახებ.

კომენტარები