ჰუსიტების თავდასხმები წითელ ზღვაში

სავაჭრო გემზე ჰუსიტების თავდასხმას 2 ადამიანი ემსხვერპლა, სულ მცირე, 6 დაშავდა

ხომალდი True Confidence
Dario Bonazza/Reuters/File

როგორც აშშ-ს თანამდებობის პირებმა CNN-ს უთხრეს, ადენის ყურეში სავაჭრო ხომალდზე ჰუსიტების თავდასხმას ეკიპაჟის, სულ მცირე, ორი წევრი ემსხვერპლა. წითელ ზღვაში თავდასხმების დაწყების შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა პროირანული ტერორისტული ჯგუფმა თავიანთი თავდასხმით ადამიანები მოკლეს.

თავდასხმა ადგილობრივი დროით დაახლოებით 11:30 საათზე მოხდა. ჰუსიტებმა ბალისტიკური რაკეტით M/V True Confidence-ზე, ლიბერიაში დარეგისტრირებულ ბარბადოსის დროშის მქონე სატვირთო გემზე, მიიტანეს იერიში.

მაღალჩინოსანთა ცნობით, ხომალდი უკვე დაცლილია და ადგილზე კოალიციის სამხედრო გემები სიტუაციას აფასებენ. ერთ-ერთი წარმომადგენლის თქმით, ეკიპაჟის სხვა, სულ მცირე, 6 წევრი დაშავდა. 

ჯგუფმა თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო და თქვა, რომ იერიში "აკურატული" იყო. 

"იერიშის ოპერაცია გემის ეკიპაჟის მიერ იემენის საზღვაო ძალების გამაფრთხილებელი შეტყობინებების უარყოფას მოჰყვა". - წერია ჰუსიტების განცხადებაში. 

ჰუსიტებმა განცხადებაში კვლავ გაუსვეს ხაზი, რომ პალესტინელ ხალხს უჭერენ მხარს და დაწერეს, რომ წითელ ზღვაში თავდასხმებს არ შეაჩერებენ, სანამ ისრაელის "აგრესია არ შეჩერდება და ღაზაში პალესტინელი ხალხის ალყა არ მოიხსნება". 

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა თქვა, რომ მსხვერპლთა სიკვდილი "სამწუხაროდ გარდაუვალი" იყო. 

"ჰუსიტები განაგრძობენ ამ წინდაუხედავ თავდასხმებს წითელ ზღვაში მოძრავი უდანაშაულო მოსახლეობის კეთილდღეობის გათვალისწინების გარეშე და ახლა, სამწუხაროდ და ტრაგიკულად, უდანაშაულო ადამიანები დახოცეს." - თქვა მილერმა. 

მილერის თქმით, აშშ ჰუსიტების თავდასხმების გამო მათთან დაპირისპირებას გააგრძელებს.

"შეერთებული შტატები გააგრძელებს და ჰუსიტებს პასუხს აგებინებს თავიანთი თავდასხმებისთვის, რომლებმაც არა მხოლოდ შეაფერხა საერთაშორისო ვაჭრობა, საერთაშორისო წყლებში გადაადგილების თავისუფლება და მეზღვაურები საფრთხეში ჩააგდო, არამედ ახლა უკვე მათ შორის რამდენიმე ტრაგიკულად იმსხვერპლა კიდეც". - თქვა მილერმა. 

ჰამასის მიერ 7 ოქტომბერს ისრაელზე მიტანილი თავდასხმის შემდეგ ახლო აღმოსავლეთში ვითარება გამწვავდა. წითელ ზღვაში სავაჭრო ხომალდებს თავს ესხმიან იემენელი ჰუსიტები, რაზეც აშშ და დიდი ბრიტანეთი საპასუხო დარტყმებით რეაგირებს. ამ იერიშების მიუხედავად, რადიკალები თავდასხმებს აგრძელებენ, რის გამოც წითელ ზღვასა და ადენის ყურეში სავაჭრო ხომალდების გადაადგილება შეფერხდა, ხოლო 17 თებერვლიდან ჰუსიტების დაჯგუფება აშშ-მ ტერორისტთა სიაში დააბრუნა.

კომენტარები