არჩევნები 2024

პრეზიდენტი: ეს არჩევნები არაა რომელიმე პარტიის არჩევანი, ეს არის ერთგვარი რეფერენდუმი

ჩემი სათქმელი ესაა ახალგაზრდებისთვის - რასაც იცავდნენ გუშინ, შარშან ქუჩაში, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და რეალურად დიდი ნაწილი იმ გადაწყვეტილების, რაც იქნა მიღებული წლის ბოლოს [კანდიდატის სტატუსი], არის მათი დამსახურება. ეს იციან კარგად, იგრძნეს თავიანთი ძალა.

იგივე უნდა მოხდეს ამ წელს, თუ გვინდა, რომ მივაღწიოთ შედეგს ანუ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას და ეს არის მათი მონაწილეობა ძალიან აქტიურად, დღეს უკვე ქუჩაში არ წყდება ჩვენი მომავალი, წყდება არჩევნებზე და მათი მონაწილეობა არის გადამწყვეტი. მათთვისაც პირადად. მე ვიცი ბევრი ახალგაზრდა, რომელიც თავს იკავებს წასვლისგან იმ მოლოდინში, რომ ეს პერსპექტივა გაჩნდა და ეს პერსპექტივა განხორციელდება. მე მინდა ვუთხრა, რომ მათზე არის დიდწილად დამოკიდებული და დარწმუნებული ვარ, მოვლენ არჩევნებში და ეს იქნება მათი გამარჯვება.

ასევე მინდა დავამატო, რომ ასევე მნიშვნელოვანი არის დიასპორის მონაწილეობა არჩევნებში. ამჯერად, ეს არჩევნები არ არის რომელიმე ადამიანის ან პარტიის არჩევანი, ეს არჩევანი არის ევროპის, ეს არის ერთგვარი რეფერენდუმი. მე მგონი, დიასპორაში ვინც ცხოვრობს და გაუჩნდა იმედი, რომ ეს ქვეყანა პერსპექტიულია, რომ ეს ქვეყანა გახდება ევროპის ნაწილი და მათთვისაც გაიხსნება დაბრუნების გზა, მათი მოვალეობაცაა, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტების კითხვაზე, რას ეტყვის ახალგაზრდებს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებიდან ერთი წლის თავზე.

კომენტარები