ახალი რუსული კანონი

ხუნდაძე: ქვეყანას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიით ანადგურებენ, რაც ომზე საშიშია

დიმიტრი ხუნდაძე  
პირველი არხი

ბიძინა ივანიშვილის დეპუტატი, მოძრაობა ხალხის ძალის წევრი, დიმიტრი ხუნდაძე ახალ რუსულ კანონს გამოეხმაურა, რომლის მიღებაც ქართულმა ოცნებამ დააანონსა. ხუნდაძე ამბობს, რომ ქვეყნის ფსევდოლიბერალური იდეოლოგიით განადგურება საომარ მოქმედებებზე უფრო საშიშია.

"სამართლებრივ სახელმწიფოში ზრუნავენ როგორც უმცირესობის, ასევე უმრავლესობის უფლებების დასაცავად. ამ თემის ირგვლივ პროპაგანდისგან კი, რომელიც ბოლო პერიოდში ინტენსიურ ხასიათს იღებს, დასაცავი თავად უმრავლესობა გახდა. დაცვა ხალხსა და ქვეყანას სჭირდება, რომელსაც ამჯერად უიარაღოდ, ფსევდოლიბერალური იდეოლოგიით ანადგურებენ. ეს ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე ნებისმიერი საომარი ქმედება.

გაღმიდან საზოგადოებას უკვე აგებინებენ, რომ თურმე, ახალშობილისთვის ტრანსგენდერის მკერდით მიწოდებული რძე ხარისხობრივად დედის რძეს არ ჩამოუვარდება. რომ თურმე, ქორწინებისთვის სხვადასხვა სქესი აუცილებლობას აღარ წარმოადგენს. რომ შეიძლება, დედას დედა და მამას მამა აღარ დაუძახო - ვაჟიშვილს ვაჟიშვილი, ქალიშვილს კი ქალიშვილი. არც ის უნდა იყოს უცხო, რომ ესპანეთის მსგავსად, პედოფილებმა რუსთაველის გამზირზე გამომწვევად ჩაცმული ბავშვები გეი აღლუმის ჩასატარებლად გამოიყენონ.

როგორც ჩანს, სადღაც მსოფლიოს მოსახლეობის ბიომასად გადაქცევის გადაწყვეტილება მიიღეს და ამ მორევში საქართველოს ჩათრევაც უნდათ. ბიომასად ქცეული ღირსება, ჩამორთმეული, აყრილი საზოგადოება კი იოლად სამართავია და ყველა დაკვეთას უსიტყვოდ ასრულებს [...] ლგბტ პროპაგანდა ახალგაზრდებში ეროვნულ ცნობიერებას ანადგურებს და მათ მომავალს სპობს". - თქვა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

29 თებერვალს, უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ მმართველი გუნდი შეიმუშავებს საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც "საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს". მისი განცხადებით, კანონპროექტი პარლამენტში მაქსიმუმ მარტის შუა რიცხვებამდე დაინიცირდება.

კომენტარები