დაძაბულობა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში

სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ფილიპინებისა და ჩინეთის სანაპირო დაცვის გემები ერთმანეთს შეეჯახა

ფილიპინური BRP Cabra-ს მეორე თომასის მეჩეჩთან, იგივე აიუნგინის მეჩეჩთან მიახლოებისას, ჩინური სანაპირო დაცვის ხომალდი მანევრებს ასრულებს, 2023 წლის 10 ნოემბერი
AP Photo/Jim Gomez, File

სამხრეთ ჩინეთის ზღვაში პეკინის მზარდი ამბიციების ფონზე დაძაბულობა გრძელდება. დღეს, 5 მარტს ზღვაში ჩინეთისა და ფილიპინების სანაპირო დაცვის ხომალდები ერთმანეთს შეეჯახა. ინციდენტის შედეგად ფილიპინური გემის ეკიპაჟის 4 წევრი დაშავდა.

ოფიციალური მანილას თქმით, ჩინეთის სანაპირო დაცვისა და თანმხლებმა გემებმა ზღვაში მდებარე სადავო მეორე თომასის მეჩეჩთან, იგივე აიუნგინის მეჩეჩთან ფილიპინების სანაპირო დაცვის ხომალდსა და მასთან ერთად მცურავ მომარაგების გემებს გზა დაუბლოკეს, რამაც ჩინურ გემსა და ორ ფილიპინურ გემს შორის ორი მცირე შეჯახება გამოიწვია.

ფილიპინელი ოფიციალური პირების ინფორმაციით, პირველი შეჯახების შედეგად, რომელიც გამთენიისას მოხდა, მათმა BRP Sindangan-მა მცირე სტრუქტურული დაზიანებები მიიღო, მეორე შეჯახება კი დაახლოებით ერთ საათში მოხდა, როდესაც ჩინეთის სანაპირო დაცვის გემმა ამჯერად ფილიპინურ მომარაგების გემს დაუბლოკა გზა.

ტერიტორიულ დავებთან დაკავშირებით ფილიპინების მთავრობაში შექმნილი სამუშაო ჯგუფის თქმით, მოგვიანებით მომარაგების გემს, რომლის ეკიპაჟი ფილიპინების საზღვაო ძალების პერსონალით იყო დაკომპლექტებული, ჩინეთის სანაპირო დაცვის ორი გემიდან წყლის ჭავლი ესროლეს, რის შედეგადაც გემის საქარე მინა დაიმსხვრა და ეკიპაჟის 4 წევრი დაშავდა.

ფაქტს ჩინეთის სანაპირო დაცვა განცხადებით გამოეხმაურა და თქვა, რომ "ფილიპინების გემების წინააღმდეგ, რომლებიც უკანონოდ შეიჭრნენ ჟენაი რიფის მიმდებარე წყლებში, კანონის შესაბამისი საკონტროლო ზომები მივიღეთ". ჟენაის რიფად მოიხსენიებს პეკინი მეორე თომასის მეჩეჩს. ოფიციალური პეკინის მტკიცებით, ფილიპინური გემი ჩინეთის სანაპირო დაცვის გემს განზრახ დაეჯახა.

სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ინციდენტი ავსტრალიის ქალაქ მელბურნში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციისა (ASEAN) და ავსტრალიის ერთობლივი სამიტის მიმდინარეობის პარალელურად მოხდა. სამიტზე ქვეყნების ლიდერები სხვა პრობლემებთან ერთად სწორედ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში არსებულ დაძაბულ სიტუაციას განიხილავენ.

გუშინ, 4 მარტს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ენრიკე მანალომ მეზობელ სახელმწიფოებს მოუწოდა, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში კანონის უზენაესობის დასაცავად ერთად უფრო მტკიცედ დადგნენ, ქვეყნის პრეზიდენტმა, ფერდინანდ მარკოს უმცროსმა კი მელბურნში სამიტის მიმდინარეობისას თქვა, რომ მას არ ჰქონდა სხვა გზა, გარდა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში პეკინის მზარდი ამბიციების ფონზე ქვეყნის ტერიტორიების დაცვისა.

მდიდარი რესურსებითა და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სავაჭრო გზების სიმრავლით გამორჩეულ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, სადაც ხანგრძლივი ტერიტორიული დავები მიმდინარეობს, ეს სიტუაციის უახლესი გამწვავებაა.

ჩინეთი პრეტენზიას აცხადებს სამხრეთ ჩინეთის ზღვის 90%-ზე, რომელშიც ვიეტნამის, მალაიზიის, ბრუნეის, ინდონეზიისა და ფილიპინების ეკონომიკური ზონების ნაწილებიც შედის.

კომენტარები