ჰუსიტების თავდასხმები წითელ ზღვაში

ბრიტანული სატვირთო გემი, რომელიც ჰუსიტებმა 18 თებერვალს დაბომბეს, წითელ ზღვაში ჩაიძირა

M/V Rubymar-ი
Ozan Kose/AFP via Getty Images

ბრიტანული სატვირთო გემი, Rubymar-ი რომელიც იემენელმა შიიტმა ჰუსიტებმა 18 თებერვალს  დაბომბეს, წითელ ზღვაში ჩაიძირა.

Rubymar-ი არის პირველი ხომალდი, რომელიც მთლიანად განადგურდა ჰამას-ისრაელის ომში ისრაელის წინააღმდეგ ჰუსიტების კამპანიის ფარგლებში.

Rubymar-ი ბელიზის დროშის ქვეშ ცურავდა. მასზე იერიში ჰუსიტებმა 18 თებერვალს ბალისტიკური რაკეტით ბაბ ელ-მანდების სრუტეში მიიტანეს. თავდასხმის შემდეგ 12 დღის განმავლობაში გემი მიტოვებული იყო, თუმცა დაგეგმილი იყო მისი უსაფრთხო პორტში გადაყვანა.

იემენის საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობის პრემიერმინისტრმა აჰმედ ავად ბინ მუბარაქმა გემის ჩაძირვას უპრეცედენტო ეკოლოგიური კატასტროფა უწოდა.

"ეს არის ახალი კატასტროფა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის". - დაწერა მან X-ზე.

ჰამასის მიერ 7 ოქტომბერს ისრაელზე მიტანილი თავდასხმის შემდეგ ახლო აღმოსავლეთში ვითარება გამწვავდა. გააქტიურდნენ ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფები, რომლებიც აშშ-ს ძალებს სირიასა და ერაყში რეგულარულად ესხმიან თავს. პარალელურად წითელ ზღვაში სავაჭრო ხომალდებს თავს ესხმიან იემენელი ჰუსიტები, რაზეც აშშ და დიდი ბრიტანეთი საპასუხო დარტყმებით რეაგირებს. ამ იერიშების მიუხედავად, რადიკალები თავდასხმებს აგრძელებენ. წითელ ზღვასა და ადანის ყურეში ამ მიზეზით შეფერხდა სავაჭრო ხომალდების გადაადგილება. 17 თებერვლიდან ჰუსიტების დაჯგუფება აშშ-ს ტერორისტთა სიაში დაბრუნდა.

კომენტარები