ჰუსიტების თავდასხმები წითელ ზღვაში

აშშ: ჰუსიტების ახალ თავდასხმას ეკოლოგიური კატასტროფა შეიძლება მოჰყვეს

M/V Rubymar-ი
Ozan Kose/AFP via Getty Images

აშშ-ს ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ჰუსიტების ტერორისტულმა ჯგუფმა წითელ ზღვაში სატვირთო გემზე, Rubymar-ზე, იერიში მიიტანა, რასაც ეკოლოგიური კატასტროფა შეიძლება მოჰყვეს.

"ირანის მხარდაჭერილი ჰუსიტი ტერორისტების მიერ უმიზეზო და წინდაუხედავმა თავდასხმამ გემს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, რამაც 18 მილის ზომის ნავთობის ლაქა გამოიწვია". - წერს სარდლობა

გაერთიანებულ სამეფოში დარეგისტრირებული, ბელიზის დროშის ქვეშ მცურავი გემს დიდი ოდენობით სასუქი გადაჰქონდა, რომელიც  თავდასხმის გამო შეიძლება ზღვაში ჩავიდეს და გარემო დააზიანოს, მაგალითად წითელ ზღვაში მდებარე უნიკალური მარჯნის რიფებს მიაყენოს ზიანი.

"M/V Rubymar-ი თავდასხმისას 41 000 ტონა (რედ. - დაახლოებით 22 000 მეტრული ტონა) სასუქს ატარებდა, რომელიც შეიძლება წითელ ზღვაში ჩაიღვაროს და ეს ეკოლოგიური კატასტროფა გააუარესოს". - წერს სარდლობა X-ზე. 

რაკეტის დარტყმის შემდეგ Rubymar-მა ღუზა ჩაუშვა, ამჟამად გემი ნაწილობრივ ჩაძირულია და მისი სამანქანო განყოფილება დატბორილია. დაზიანებული გემის ჯიბუტსა ან ადენში ახლოს მდებარე პორტში გადასატანად სამაშველო ოპერაციები არის დაწყებული. 

"ჰუსიტები განაგრძობენ მათი განურჩეველი თავდასხმების რეგიონული გავლენის უგულებელყოფის გამოვლენას, სათევზაო ინდუსტრიას, სანაპირო საზოგადოებებსა და საკვების მარაგების იმპორტს საფრთხეს უქმნიან". - წერს სარდლობა.

ამასთან, აშშ-ს ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, 23 თებერვალს ჰუსიტების შვიდი ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტა გაშვებამდე განაადგურეს. 

ჰამასის მიერ 7 ოქტომბერს ისრაელზე მიტანილი თავდასხმის შემდეგ ახლო აღმოსავლეთში ვითარება გამწვავდა. გააქტიურდნენ ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფები, რომლებიც აშშ-ს ძალებს სირიასა და ერაყში რეგულარულად ესხმიან თავს. პარალელურად წითელ ზღვაში სავაჭრო ხომალდებს თავს ესხმიან იემენელი ჰუსიტები, რაზეც აშშ და დიდი ბრიტანეთი საპასუხო დარტყმებით რეაგირებს. ამ იერიშების მიუხედავად, რადიკალები თავდასხმებს აგრძელებენ. წითელ ზღვასა და ადანის ყურეში ამ მიზეზით შეფერხდა სავაჭრო ხომალდების გადაადგილება. 17 თებერვლიდან ჰუსიტების დაჯგუფება აშშ-ს ტერორისტთა სიაში დაბრუნდა.

კომენტარები