ალექსეი ნავალნის სიკვდილი

ალექსეი ნავალნი მოსკოვში, ბორისოვის სასაფლაოზე დაკრძალეს

ციხეში მოკლული რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი მოსკოვში, ბორისოვის სასაფლაოზე დაკრძალეს. პოლიტიკოსის პანაშვიდი ღვთისმშობლის ხატის ეკლესიაში გაიმართა.

ეკლესიასთან ათასობით ადამიანი იყო შეკრებილი, რომელიც პანაშვიდის დასრულების შემდეგ მსვლელობით სასაფლაოსკენ დაიძრა.

ნავალნის დაკრძალვის დროს სასაფლაოზე მყოფი ადამიანები სკანდირებდნენ – "რუსეთი პუტინის გარეშე", "რუსეთი თავისუფალი იქნება" და ა.შ.

თავდაპირველად ბორისოვის სასაფლაოს ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელიც 1 მარტს (ალექსეი ნავალნის დასაფლავების დღეს) სასაფლაოზე მნახველთა დასწრებას კრძალავდა.

მოგვიანებით ეს გადაწყვეტილება შეიცვალა, თუმცა, სასაფლაო ადგილობრივი დროით 5 საათზე [საქართველოს დროით 6-ზე] დაიკეტება.

ნავალნის გასვენების ცერემონიას მოქალაქეებთან ერთად, აშშ-ს ელჩი ლინ ტრეისი, გერმანიის ელჩი ალექსანდრ გრაფ ლამბსდორფი, საფრანგეთის ელჩი პიერ ლევი და ევროკავშირის კიდევ რამდენიმე ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელი დაესწრო.


რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს, პატიმრობაში მოკვდა. ოპოზიციონერის ცოლმა, იულია ნავალნაიამ, თქვა, რომ ის ქმრის საქმეს გააგრძელებს და რუსეთის მოქალაქეებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა. მისი ცხედარი გადასცეს დედას, რომელსაც შვილის სხეულს რამდენიმე დღე არ აჩვენებდნენ.

ალექსეი ნავალნის მკვლელობა 2020 წელს, საწამლავი ნოვიჩოკით სცადეს, როცა ის ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა. მას შემდეგ, რაც მისი მდგომარეობა ომსკის საავადმყოფოში დარეგულირდა, ოპოზიციონერმა მკურნალობა გერმანიაში გააგრძელა. მკურნალობის შემდეგ, 2021 წლის 17 იანვარს ნავალნი რუსეთში დაბრუნდა. ის ქვეყანაში ჩასვლისთანავე დააკავეს. რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ნავალნის "ივ როშეს" საქმეზე გამოსაცდელი ვადის დარღვევაში ედავებოდა და პირობითი სასჯელის რეალურით შეცვლას ითხოვდა. ალექსეი ნავალნის დაპატიმრებას რუსეთში ხალხმრავალი საპროტესტო აქციები მოჰყვა. 

ალექსეი ნავალნის მოწამვლისა და დაპატიმრებისთვის ევროკავშირმა და აშშ-მ კოორდინირებულად რუს მაღალჩინოსნებს სანქციები მარტის დასაწყისში დაუწესეს.

2022 წლის მარტში რუსეთის სასამართლომ ალექსი ნავალნი დამნაშავედ ცნო კიდევ ორ საქმეში, რომელიც მას თაღლითობასა და სასამართლოს უპატივცემულობაში ადანაშაულებდა. ოპოზიციონერს 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს და 1.2 მილიარდი რუბლის გადახდა დააკისრეს.

2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. რუსეთის სასამართლოს ალექსეი ნავალნის 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა, ხოლო მის ძმას 3.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით ალექსეი ნავალნის გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა.

კომენტარები