აშშ

ამერიკელი სენატორი მიტჩ მაკკონელი სენატში რესპუბლიკელთა ლიდერის პოსტიდან გადადგება

აშშ-ის სენატის რესპუბლიკელთა უმცირესობის ლიდერი მიტჩ მაკკონელი
J. Scott Applewhite/AP

აშშ-ს სენატის რესპუბლიკელთა უმცირესობის ლიდერის, მიტჩ მაკკონელის თქმით, ნოემბერში თანამდებობიდან გადადგება.

პოლიტიკოსის თქმით, კენტუკის სენატორი თავისი ვადის ამოწურვამდე, 2027 წლის იანვრამდე, იქნება, თუმცა ლიდერის თანამდებობას აღარ დაიკავებს.

მაკკონელი სენატორი 1985 წელს გახდა, ხოლო წინა კვირას 82 წელი შეუსრულდა. მისი თანაშემწეების თქმით, მაკკონელს ეს გადაწყვეტილება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მიზეზების გამო არ მიუღია.

თავად პოლიტიკოსს გადადგომის მიზეზი არ დაუკონკრეტებია, თუმცა თავისი ცოლის უმცროსი დის ბოლოდროინდელი სიკვდილი ახსენა და თქვა, რომ თავისი "შეტანილი წვლილის დასასრული უფრო ახლოსაა", ვიდრე ენდომებოდა.

"ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი უნარია, იცოდე, როდის უნდა გადახვიდე ცხოვრების ახალ ეტაპზე. ამიტომ, დღეს ვდგავარ თქვენს წინაშე, რათა გითხრათ, რომ ეს იქნება ჩემი, როგორც სენატის რესპუბლიკელთა ლიდერის, ბოლო ვადა". - თქვა მაკკონელმა.

სენატორმა თქვა, რომ მისი კარიერის დაწყებიდან დიდი დრო გავიდა და თავისი ადგილი უნდა დათმოს. მისი თმით, კარიერის დასაწყისში გაცილებით ნაკლებად გავლენიანი იყო. 1984 წელს მაკკონელის საარჩევნო კამპანიის დროს რეიგანის ვიზიტისას, პრეზიდენტმა "მიტჩ ო’დონელი" დაუძახა.  

"აღარ ვარ უკანა რიგებში მჯდომარე ახალგაზრდა კაცი, რომელიც იმედოვნებოდა, რომ კოლეგები ჩემს სახელს დაიმახსოვრებდნენ. ლიდერთა ახალი თაობის დრო დადგა". - თქვა მაკკონელმა.

მას შემდეგ, რაც კონგრესმენი გახდა, მაკკონელს სენატში პარტიის ლიდერობა სურდა, რასაც საბოლოოდ 2006 წელს მიაღწია და უწყვეტად 9 არჩევნებში გაიმარჯვა.

"მე მიყვარს სენატი. ის ჩემი ცხოვრება იყო. შესაძლოა, ჩვენი ისტორიის განმავლობაში ამ დაწესებულების უფრო გამოჩენილი წევრები ყოფილან, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ არის ვინმე, ვინც მისით უფრო აღტაცებულია". - თქვა მაკკონელმა. 

მაკკონელს უკანასკნელ წლებში საკუთარი პარტიის წევრებს რიგ საკითხებზე დაუპირისპირდა, მათ შორის უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისა და დაფინანსების მიწოდებასთან დაკავშირებით.

კარიერის განმავლობაში სენატში რესპუბლიკელთა ლიდერი რეიგანის იდეალებს ემხრობოდა და ამერიკის, როგორც თავისუფალი მსოფლიოს ლიდერის, როლის სწამდა. მაკკონელი თვლიდა, რომ აშშ მსოფლიოსთვის სამაგალითო უნდა ყოფილიყო.

"მჯერა უფრო მტკიცედ, ვიდრე ოდესმე, რომ ამერიკის გლობალური ლიდერობა აუცილებელია, რათა შევინარჩუნოთ ბრწყინვალე ქალაქი ბორცვზე, რომელზეც რონალდ რეიგანი საუბრობდა. მანამ, სანამ ვსუნთქავ, ამერიკულ გამორჩეულობას დავიცავ". - თქვა მაკკონელმა.

გარდა ამისა, მაკკონელს დაპირისპირება ყოფილ პრეზიდენტ, დონალდ ტრამპთანაც მოუვიდა, რადგან 2020 წლის არჩევნების სიყალბეში არ ეთანხმებოდა.

მანამდე, მაკკონელს 2023 წელს დაცემის გამო ტვინის შერყევა დაემართა. ამასთან, ის 2023 წლის 30 აგვისტოს კენტუკიში გამართული პრესკონფერენციის დროს 30 წამის განმავლობაში ადგილზე გაშეშდა. მისი ჯანმრთელობის შესახებ გამოთქმული შფოთის მიუხედავად, კოლეგების თქმით, გონებრივად სრულად ჯანმრთელადაა და, გამოკეთების მიუხედავად, მხოლოდ მცირე ფიზიკური შეზღუდვები აქვს.

კომენტარები