აშშ

რესპუბლიკელი სენატორი, მიტჩ მაკკონელი პრესკონფერენციის დროს გაშეშდა

მიტჩ მაკკონელი
axios

აშშ-ს სენატის უმცირესობის ლიდერი, რესპუბლიკელი სენატორი, მიტჩ მაკკონელი 30 აგვისტოს კენტუკიში გამართული პრესკონფერენციის დროს 30 წამის განმავლობაში ადგილზე გაშეშდა.

შემთხვევა ერთ-ერთი ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვის შემდეგ მოხდა. რეპორტიორი დაინტერესდა გეგმავდა თუ არა 81 წლის სენატორი 2026 წლის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. მაკკონელმა მას რამდენჯერმე სთხოვა კითხვის გამეორება, ჩაიცინა, შემდეგ გაჩერდა, პირი დახურა და მზერა გაუშეშდა.

სენატორის მდგომარეობით მის გვერდზე მდგომი თანაშემწე დაინტერესდა.

"გაიგეთ კითხვა, სენატორო, 2026 წელს ხელახლა არჩევაზე?" - ხმამაღლა კითხა ქალმა მაკკონელს, თუმცა პოლიტიკოსს პასუხი არ გაუცია.

"ბოდიში ყველას, ცოტა დრო დაგვჭირდება". - მიმართა თანაშემწემ ჟურნალისტებს.

რამდენიმე წამში მაკკონელმა დალაპარაკება შეძლო და პრესკონფერენციაც გაგრძელდა, ქალმა კი რეპორტიორებს სთხოვა, კითხვები ხმამაღლა დაესვათ.

ეს არ არის რესპუბლიკელ სენატორთან დაკავშირებული პირველი მსგავსი შემთხვევა. პოლიტიკოსი დაახლოებით 30 წამით 2023 წლის ივლისში, კაპიტოლიუმზე გამართული პრესკონფერენციის დროსაც გაშეშდა.

სენატორის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტი კითხვები ჩნდება. პოლიტიკოსს 2023 წლის მარტში ვაშინგტონში მდებარე სასტუმროში დაცემის შემდეგ ტვინის შერყევასა და ნეკნის მოტეხილობაზე მკურნალობდნენ. ის სენატში რამდენიმე კვირის შემდეგ დაბრუნდა.

მიტჩ მაკკონელი სენატის რესპუბლიკელების ლიდერის თანამდებობას 2007 წლიდან იკავებს.

კომენტარები