ნიკა გვარამია

გვარამია ტოვებს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის თანამდებობას და წილს მეუღლეს უფორმებს

ნიკა გვარამია ოფიციალურად ტოვებს მთავარი არხის დირექტორის თანამდებობას და წილს მეუღლეს, სოფო ლილუაშვილს უფორმებს - ამის შესახებ მან Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა. 

გვარამიას თქმით, წილი მთავარ არხში არ არის თავსებადი მის პარტიულ თანამდებობასთან, რომელსაც უახლოეს დღეებში დაიკავებს. 

"მთავარი არხის დირექტორის თანამდებობას ციხიდან გამოსვლის შემდეგ აღარ ვასრულებ (არც ციხიდან ვასრულებდი, ცხადია). დირექტორის მოვალეობას შესანიშნავად გაუმკლავდა გიორგი გაბუნია და ის უკვე ოფიციალურად დაინიშნა არხის დირექტორად. ძალიან დიდი მადლობა არხის ყველა დამფუძნებელს ერთსულოვანი გადაწყვეტილებისთვის.

რაც შეეხება ჩემს 12%იან წილს მთავარში, იგი არაა თავსებადი პარტიულ თანამდებობასთან, რომელსაც უახლოეს დღეებში დავიკავებ. ამიტომაც კანონის მოთხოვნა დავიცავი და წილი ჩემს სოფოს გადავუფორმე" - წერს ნიკა გვარამია.

საჯარო რეესტრში შესაბამისი დოკუმენტები 27 თებერვალს არის წარდგენილი. იმ შემთხვევაში, თუ უწყება ცვლილებებს დაარეგისტრირებს, არხის გენერალური დირექტორი გიორგი გაბუნია გახდება. დოკუმენტების მიხედვით, ორი ყველაზე დიდი წილის მფლობელი BGIM LTD და ბაკურ ჯავახია ასახელებენ ორ დირექტორს: გიორგი ქურდაძეს და მანუჩარ ახალაიას. 

კომენტარები