რეკლამა

გენერიკული მედიკამენტების როლი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაში (რ)

ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის საკითხი რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა საქართველოში, ყველასთვის ცნობილია, თუმცა, იმისათვის, რომ უფრო ნათლად წარმოიდგინოთ პრობლემის სიმწვავე, გეტყვით, რომ სტატისტიკურად, მოსახლეობის მიერ ჯანდაცვის სერვისებისათვის გაწეული მთლიანი დანახარჯის 36% მედიკამენტებზე მოდის. ასეთ მძიმე სიტუაციაში ერთ-ერთ გამოსავლად გენერიკული მედიკამენტების უფრო ფართოდ მოხმარება გვევლინება, რომელთაც შედარებით დაბალი ფასი აქვს და აუცილებელ სამედიცინო ხარჯებს საგრძნობლად ამცირებს.

რამდენს ვხარჯავთ წამლებში?

იცოდით, რომ თქვენი ჯიბიდან ჯანდაცვის სერვისებისათვის გადახდილი ყოველი 10 ლარიდან, 7 მედიკამენტებზე იხარჯება? ამის მიზეზი კი ისაა, რომ უკანასკნელ წლებში,სახელმწიფოს კონტრიბუცია მოსახლეობის მედიკამენტების ხარჯების დაფარვაში მხოლოდ ორი პროცენტი იყო. შედეგად კი მივიღეთ ის, რომ 2017 წელს მედიკამენტებზე მოსახლეობის მიერ ჯიბიდან გადახდილმა თანხებმა ჯამში 983 მილიონი ლარი შეადგინა.

გარდა ამისა, 2018 წელს ჯანდაცვაზე გაწეული დანახარჯების გამო ოჯახების 7% გაღარიბდა, 17% კი კატასტროფული დანახარჯების წინაშე აღმოჩნდა. ეს რიცხვები ევროპის რეგიონში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

როგორ შევამციროთ ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯები?

როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ამჟამად, ჯანდაცვის ხარჯების შემცირების ერთ-ერთი  გამოსავალი გენერიკული მედიკამენტების მოხმარებაა. თუ აქამდე არ გქონიათ ინფორმაცია გენერიკულ წამლებზე, გეტყვით, რომ ისინი ბრენდულის იდენტური ხარისხის, უსაფრთხოებისა და ეფექტურობის მქონე უფრო  ეკონომიური ალტერნატივაა. იაფი კი იმიტომ ღირს, რომ მწარმოებელ კომპანიებს აღარ უწევთ რამდენიმესაფეხურიანი კვლევების, მასშტაბური მარკეტინგული კამპანიებისა და სხვა პროცედურებისთვის ხარჯების გაღება, როგორც ეს ბრენდული მედიკამენტის მწარმოებელ კომპანიებს დასჭირდათ. 

უფრო ნათლად რომ წარმიდგინოთ, თუ რამხელა როლი აქვს გენერიკული მედიკამენტების მოხმარებას წამლებზე გაწეული ხარჯების შემცირებაში, გეტყვით, რომ საქართველოში, 6 ჯგუფის მედიკამენტების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ბრენდირებული მედიკამენტების გენერიკებით ჩანაცვლების შემთხვევაში, პაციენტები 2016-2020 წლებში საშუალოდ 16 მილიონ ლარს დაზოგავდნენ

დამატებითი რჩევები გენერიკულ მედიკამენტებზე

თუ ზემოთხსენებულ სტატისტიკურ მონაცემებს გავითვალისწინებთ, ალბათ, დარწმუნდით, თუ რამხელა წვლილი შეაქვს გენერიკულ მედიკამენტების არსებობას  მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაში. ახლა კი გაგიზიარებთ რამდენიმე რჩევას, რომელიც თქვენთვის აუცილებელი, ხარისხიანი წამლების შედარებით იაფად შეძენაში დაგეხმარებათ: 

  • მოითხოვეთ თქვენთვის საჭირო მედიკამენტის ყველაზე იაფი ალტერნატივა. რეცეპტში, ექიმის მიერ გენერიკული სახელწოდების გამოყენება არჩევანის საშუალებას იძლევა.  თქვენ შეგიძლიათ, სხვადასხვა კომპანიის მიერ წარმოებული იდენტური შემადგენლობისა და ეფექტის მქონე წამლებს შორის ყველაზე იაფი შეიძინოთ.
  • გამოიყენეთ კალკულატორი, რომელიც დაგეხმარებათ მედიკამენტის ყველაზე ბიუჯეტური ალტერნატივის მოძიებაში. 
  • გამოიყენეთ საძიებო სისტემა და ჩაერთეთ თქვენზე მორგებულ მიზნობრივ/მუნიციპალურ ჯანდაცვის პროგრამაში, სადაც მედიკამენტების მიღება უფასოდ ან თანადაფინანსებითაა შესაძლებელი.
  • გადაამოწმეთ წამალზე დაწესებული რეფერენტული ფასი. გაიგეთ რა თანხაზე მეტი არ შეიძლება ღირდეს ესა თუ ის მედიკამენტი და თავადაც ჩაერთეთ აფთიაქების კონტროლის პროცესში.
  • სხვადასხვა სააფთიაქო ქსელს, ერთსა და იმავე მედიკამენტზე განსხვავებული ფასი აქვს. შეგიძლიათ, ფასების წინასწარი მოძიებითა და ერთმანეთთან შედარებით განსაზღვროთ, რომელი მედიკამენტის რომელ აფთიაქში ყიდვა ჯობია.
  • სხვადასხვა აფთიაქის ლოიალობის ბარათებისა და შეთავაზებების გამოყენებით დამატებით ფასდაკლებებით ისარგებლებთ.
  • მედიკამენტებზე დანახარჯების შესამცირებლად აფთიაქებში ფასდაკლების დღეებიც გამოგადგებათ. ყველაზე დიდ ქსელურ აფთიაქებში ფასდაკლების დღეები სამშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევია. 

შეჯამება

და ბოლოს, საქართველოს მოსახლეობისთვის ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის საკითხი სხვა პრობლემებს შორის ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს და ამაზე რიცხვებში გამოხატული ფაქტებიც მეტყველებს. მედიკამენტების მაღალი ფასები კი კიდევ უფრო ამწვავებს ამ საკითხს, თუმცა, გენერიკული მედიკამენტების გამოყენება მკვეთრად ამცირებს ამ ხარჯებს, ამიტომ, გირჩევთ, გამოიყენოთ ზემოთ ჩამოთვლილი რჩევები და სხვადასხვა გზების საშუალებით შეამციროთ ჯანდაცვის სერვისებისთვის გაწეული აუცილებელი დანახარჯები.

კომენტარები