რუსული კანონი

ფხაკაძე: ვეტოს განხილვა გადადონ, ან ამოქმედების ვადად განისაზღვროს 2025 წელი

როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი მოქალაქე და ბიზნესმენი, თავს ვალდებულად მივიჩნევ, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო. წინა განცხადების მსგავსად, კვლავ, ხაზგასმით და ერთმნიშვნელოვნად ვაფიქსირებ ჩემს ურყევ პოზიციას ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური კურსის ერთგულებისა და ამ კურსის უალტერნატივობის შესახებ. ვინაიდან, საქართველოში შექმნილი სიტუაციის განსამუხტად კონკრეტული კომპრომისული გზა დღემდე ვერ გამოინახა, ჩემი აზრით, მიზანშეწონილი იქნებოდა, ქვემოთ მოცემული ორი ოფციიდან ერთ-ერთის არჩევა.

პირველი - ხვალ ხელისუფლებამ გადადოს ვეტოს განხილვა. გარკვეული პერიოდი ავიღოთ და ეს დრო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან შემდგომი კონსულტაციებისთვის გამოვიყენოთ, რომ ქვეყნის კონსტიტუციით გარანტირებული საგარეო პოლიტიკური კურსი არ დაზიანდეს. ან მეორე ოფცია - არსებული სამართლებრივი ინსტრუმენტებისა და კანონში ცვლილების განხორციელების გზით, კანონის ამოქმედების ვადად განისაზღვროს 2025 წლის დასაწყისი, ვთქვათ, 1-ლი იანვარი. ამ შემთხვევაში, საპარლამენტო არჩევნების შედეგები იქნებოდა განმსაზღვრელი, თუ რამდენად მისაღებია ეს კანონი ჩვენი მოსახლეობისთვის.

აქვე, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ზემოთ მოყვანილი ორივე ოფცია ეფუძნება არსებული ვითარების ანალიზს იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელსაც ვფლობ, როგორც ერთ-ერთი ბიზნესმენი. იმედი მაქვს, ჩემი გულწრფელი მოსაზრებები გათვალისწინებული იქნება უფლებამოსილი პირების მიერ, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის განვითარების ნორმალურ რეჟიმში დაბრუნებას.

წერს LinkedIn-ზე ვისოლ ჯგუფის პრეზიდენტი, ბიზნესმენი სოსო ფხაკაძე. 

კომენტარები