არჩევნები 2024

ზურაბიშვილი: ვიცით, როგორ შეუძლია რუსეთს არჩევნებში ჩარევა და ჰიბრიდული ომის გაჩაღება

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Sky News-თან ინტერვიუში საქართველოში რუსეთის გავლენებზე, ქვეყანაში მოქმედ პრორუსულ ჯგუფებსა და მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრა. 

ჟურნალისტმა ზურაბიშვილს ჰკითხა, ღელავს თუ არა იმაზე, რომ რუსეთს საქართველოზე ისევ დიდი გავლენა აქვს.

"რა თქმა უნდა. ვფიქრობ, ეს ყველას უნდა აწუხებდეს, არა მხოლოდ ჩვენ. ეს გვაწუხებს, რადგან საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია. გვაწუხებს, რადგან ოქტომბერში ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები გველოდებდა და ვიცით, ბევრი სხვა, ჩვენზე ბევრად უფრო ძლიერი ქვეყნის გამოცდილება - როგორ შეუძლია რუსეთს არჩევნებში ჩარევა და ჰიბრიდული ომის გაჩაღება. ამას ჩვენ პირადად განვიცდით - კიბერშეტევები, ეკონომიკური ზეწოლის შესაძლო გამოყენება, პროპაგანდა, მარგინალური ჯგუფების დაფინანსება. საქართველოში პრორუსული ჯგუფები ნამდვილად მარგინალურები არიან, რადგან ჩვენ ოკუპირებული ტერიტორიები გვაქვს და გვახსოვს". - უპასუხა პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილის თქმით, დიდი სიფრთხილეა საჭირო, რადგან საქართველოში პრორუსული ჯგუფების დაფინანსება და ანტიდასავლური პროპაგანდის მხარდაჭერა ხორციელდება.

"საქართველოს ტერიტორიები ახლაც ოკუპირებულია. ამიტომ, ასეთი საზოგადოებისთვის პრორუსული ჯგუფებისა და პარტიების ყოლა საკმაოდ რთული წარმოსადგენია, მაგრამ არიან პრორუსული [ჯგუფები], რომლებიც ამის შესახებ ღიად არ აცხადებენ - შემოედინება დაფინანსება ამ ჯგუფებისა და ანტიდასავლური პროპაგანდის გარკვეული ფორმების მხარდასაჭერად. საქართველოში ვხედავთ იმას, რასაც სხვაგანაც ვხედავთ და დარწმუნებული ვარ, წელს კიდევ უფრო მეტს დავინახავთ. ამიტომ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ". - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

კომენტარები