მექსიკაში, მიჩოაკანის შტატში მერობის ორი კანდიდატი რამდენიმე საათის შუალედში მოკლეს. ერთ-ერთი კანდიდატი გინეკოლოგი მიგელ ანხელ რეიეს ზავალა იყო, რომელიც საავადმყოფოდან გამოსვლისას მოკლეს. რამდენიმე საათში მეორე კანდიდატი, არმანდო პერეს ლუნა საკუთარ მანქანაში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული იპოვეს.
მიჩოაკანის შტატი ერთ-ერთი პირველია მექსიკაში ძალადობის მაჩვენებლით. დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ 2024 წლის არჩევნებზე ორგანიზებული კრიმინალის ყველაზე მაღალ ჩართულობას ვიხილავთ.
ეროვნული არჩევნები მექსიკაში 2 ივნისსაა დაგეგმილი. ბოლო არჩევნების პერიოდში, 2021 წელს მექსიკაში 30-ზე მეტი კანდიდატი მოკლეს. დამკვირვებელი ორგანიზაციების ცნობით, გაზრდილი ძალადობა მექსიკაში ნარკოკარტელების გაძლიერებას უკავშირდება.