ჰუსიტების თავდასხმები წითელ ზღვაში

წითელ ზღვაში გერმანულმა ფრეგატმა ჰუსიტების თავდასხმა მოიგერია

ფრეგატი Hessen-ი

გერმანულმა ფრეგატმა Hessen-მა, რომელიც წითელ ზღვაში მოკავშირეებს ერთობლივ მისიაზე მცირე ხნის წინ გაგზავნეს, იემენელი ჰუსიტების თავდასხმა პირველად მოიგერია.

ხომალდმა, რომელიც ევროკავშირის სამხედრო მისია Aspides-შია ჩართული, წარმატებით გაანადგურა მოწინააღმდეგის ორი საჰაერო სამიზნე. ეს ოპერაცია გასულ პარასკევს, 23 თებერვალს დაიწყო და ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა გერმანულმა ფრეგატმა იარაღი გამოიყენა. ამავე რიცხვში გერმანიის ბუნდესტაგმა დაადასტურა ქვეყნის ევროკავშირის მისიაში ჩართვა. 

გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის შეფასებით, ეს ბოლო ათწლეულებში ქვეყნის საზღვაო ძალების ყველაზე სახიფათო ოპერაციაა.

პარალელურად აშშ-ს ცენტრალური სარდლობა ავრცელებს ცნობას, რომ 27 თებერვლის ღამეს მათმა თვითმფრინავმა და კოალიციის ხომალდმა ჯამში ჰუსიტების 5 დრონი ჩამოაგდეს.

ჰამასის მიერ 7 ოქტომბერს ისრაელზე მიტანილი თავდასხმის შემდეგ ახლო აღმოსავლეთში ვითარება გამწვავდა. გააქტიურდნენ ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფები, რომლებიც აშშ-ს ძალებს სირიასა და ერაყში რეგულარულად ესხმიან თავს. პარალელურად წითელ ზღვაში სავაჭრო ხომალდებს თავს ესხმიან იემენელი ჰუსიტები, რაზეც აშშ და დიდი ბრიტანეთი საპასუხო დარტყმებით რეაგირებს. ამ იერიშების მიუხედავად, რადიკალები თავდასხმებს აგრძელებენ. წითელ ზღვასა და ადანის ყურეში ამ მიზეზით შეფერხდა სავაჭრო ხომალდების გადაადგილება. 17 თებერვლიდან ჰუსიტების დაჯგუფება აშშ-ს ტერორისტთა სიაში დაბრუნდა.

 

კომენტარები