რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შიკორსკი აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერს უკრაინის დახმარების მიღებისკენ მოუწოდებს

რადოსლავ სიკორსკი

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ შიკორსკიმ ორშაბათს, 26 თებერვალს, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერს მაიკ ჯონსონს მოუწოდა, უკრაინის დახმარების კანონპროექტი მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შიკორსკის მიხედვით, ბრძოლის ველზე უკრაინის მიერ დანაკარგების განცდაზე პასუხისმგებელი ჯონსონი იქნება.

სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში Atlantic Council გამოსვლისას შიკორსკიმ გაიხსენა, რომ მაიკ ჯონსონს "წარსულში უკრაინაზე გულთბილად აქვს ნასაუბრები".

"შესაბამისად მსურს, მან იცოდეს, რომ მთელი მსოფლიო უყურებს იმას, თუ რას გააკეთებს იგი და თუკი უკრაინისთვის დახმარების კანონპროექტი ჩავარდა და უკრაინამ ბრძოლის ველზე დანაკარგები განიცადა, ეს მისი პასუხისმგებლობა იქნება". - თქვა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

აშშ-სგან სამხედრო დახმარების შეფერხების ფონზე, უკრაინა სამხედრო მასალების მარაგების, განსაკუთრებით საარტილერიო ჭურვების, ნაკლებობას განიცდის.


აშშ-ს სენატმა 13 თებერვალს გამართული კენჭისყრით დაამტკიცა 95.3 მილიარდი დოლარის საგარეო დახმარების კანონპროექტი, თუმცა, ახლა კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატაში გადაიგზავნება, სადაც მის დამტკიცებას, დიდი ალბათობით, დაბრკოლებები შეექმნება.

მიღებული პაკეტი მოიცავს $60 მილიარდს უკრაინის, $14.1 მილიარდს ისრაელის, 4.8 მილიარდს კი ინდო-წყნარ ოკეანეთში პარტნიორების, მათ შორის, ტაივანის მხარდასაჭერად. კანონპროექტში ასევე გათვალისწინებულია 9.2 მილიარდი დოლარი ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოქალაქეების ჰუმანიტარული დახმარებისთვის.

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონის თქმით, კონგრესის ქვედა პალატას ვერ აიძულებენ, მიიღოს სენატის მიერ დამტკიცებული კანონი, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დახმარებას მოიცავს. 

როგორც აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა აღნიშნა, ამის მიზეზი ისაა, რომ კანონი არ მოიცავს აშშ-მექსიკის საზღვრის დაცვასთან დაკავშირებული საკითხებს, რაც რესპუბლიკელებისთვის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.

კომენტარები