მერაბ დვალიშვილი

დვალიშვილი: არასდროს მიმიცია ჩვენება არავის წინააღმდეგ, ყველაფერი, რაც ითქვა, ცილისწამებაა

მერაბ დვალიშვილი
Verdict MMA

UFC-ის ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი Facebook-ზე, სავარაუდოდ, ავთანდილ ხურციძის პატიმრობასთან დაკავშირებით წერს, რომ მისი რეპუტაციის შელახვის მიზნით "აბსურდულ ბრალდებებს" ავრცელებენ. დვალიშვილის თქმით, არასდროს, არავის წინააღმდეგ ჩვენება არ მიუცია და არც სასამართლოში ყოფილა მოწმე.

"როგორც იცით, ჩემ მიმართ ბოროტი ადამიანებისგან წამოვიდა ცილისწამება და აბსურდული ბრალდებები ჩემი სახელისა და რეპუტაციის შელახვის მიზნით, რამაც ძალიან იმოქმედა ჩემს ოჯახზე ნათესავებსა და გულშემატკივრებზე. ჩემს მშობლებს ნერვიულობის ნიადაგზე სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები დაეწყოთ.

აქამდე ვიკავებდი თავს და არ მინდოდა ამ პროვოკაციებზე პასუხის გაცემა. ახლა კი იძულებული ვარ მოგმართოთ და დაგამშვიდოთ. ვინც მე მიცნობს ემიგრაციასა და საქართველოში ყველამ კარგად იცის რომ მე არასდროს არ ჩამიდენია ისეთი საქციელი რაც შეარცხვენდა ჩემს გვარს ჩემს ოჯახს და ჩემს სამშობლოს. მე არასდროს ჩემს სიცოცხლეში არცერთი ბრალდებულის საქმეზე არ დავუკითხივარ პოლიციას,არ მიმიცია ჩვენება არავის წინააღმდეგ და არასდროს ვყოფილვარ მოწმე სასამართლოში. ყოველთვის რითაც შემეძლო გვერდში ვედექი გაჭირვებულ ადამიანს როგორც ძმა და როგორც მეგობარი.

ყველაფერი, რაც ჩემზე ითქვა არის საშინელი ცილისწამება. არ ვაპირებ დეტალებზე საუბარს და ვფიქრობ რომ სოციალური ქსელები არ არის ის ადგილი სადაც შეიძლება პასუხი გავცე ამ ბინძურ კამპანიას.

გთხოვთ ყველას, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და არ აჰყვეთ პროვოკაციებს. მე მართალი ვარ ჩემი ოჯახის, ჩემი კაცობის, სამშობლოსა და ღმერთის წინაშე...!" - წერს დვალიშვილი.

მანამდე, ავთანდილ ხურციძემ TikTok-ზე გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც თქვა, რომ მის წინააღმდეგ ყველა მტკიცებულებაში "მერაბ დვალიშვილი იყო".

"რომ იცოდეთ, ხალხმა ყველამ - ეგ პროკურატურამაც იცის და სულ ყველამ - რაც ბრალდებაში მქონდა, ხმოვანი იყო მტკიცება თუ ვიდეო იყო, მერაბ დვალიშვილი იყო ყველგან. ეს ისე კი არ იყო, პოლიციას ჰქონდა გაგზავნილი... სასამართლოში გამოიტანეს ყველა მაგის ვიდეო". - თქვა ხურციძემ.


2018 წელს, ქართველ მოკრივე ავთანდილ ხურციძეს ნიუ-იორკის სასამართლომ ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

2017 წელს ამერიკაში პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან წამოსული მიგრანტებით შეკრებილი სინდიკატის 27 წევრი დააკავეს, მათგან 15 - ქართველი.

სპეცოპერაცია FBI-იმ, აშშ-ის საემიგრაციო და საბაჟო აღსრულებამ, ასევე ნიუ იორკის და სხვა ქალაქების პოლიციამ ერთობლივად ჩაატარა. დაკავებულებს შორის იყო ორი ქართველი ათლეტი: მოკრივე ავთანდილ ხურციძე და MMA მებრძოლი ლევან მაყაშვილი. ასევე რამდენიმე ე.წ კანონიერი ქურდი.

პროკურატურის განმარტებით, ხურციძე იყო დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრი, რომელსაც რაჟდენ შუალაია ხელმძღვანელობდა.

ხურციძემ საპატიმრო ვადაზე ადრე, 2021 წლის 14 სექტემბერს დატოვა.

კომენტარები