დაძაბულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

სომხეთისა და აზერბაიჯანის მხარე ერთმანეთს საზღვართან ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს

აზერბაიჯანის სამხედრო მოსამსახურეები აკონტროლებენ ტერიტორიას, რომელიც აზერბაიჯანის კონტროლქვეშ მოექცა, 7 დეკემბერი, 2020
REUTERS/Aziz Karimov

23 თებერვალს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც სომხეთის შეიარაღებულ ძალებს აზერბაიჯანის ჯარის პოზიციებზე ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებდა.

"23 თებერვალს, 05:50 საათზე, სომხეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფებმა გეღარქუნიქის პროვინციის ვერინ-შორჟის დასახლებიდან მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ქალბაჯარის რაიონის იელიჯის დასახლებაში განლაგებული აზერბაიჯანის არმიის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს". - წერია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

აზერბაიჯანის განცხადებით, მომხდარის გამო სამხედრო ნაწილებს საპასუხო ზომები არ მიუღია, რათა არ მომხდარიყო სიტუაციის ესკალაცია და ორი ქვეყნის "პირობით საზღვარზე" სტაბილურობა უზრუნველყოფილიყო.

ამასთანავე, აზერბაიჯანის მხარემ სომხეთის სამხედრო ხელმძღვანელობას "მსგავსი პროვოკაციებისგან" თავის შეკავებისკენ მოუწოდა, რისი მიზანიც, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, "5-თვიანი სტაბილურობის ჩაშლაა". ამას გარდა, აზერბაიჯანმა სომხეთს მოსთხოვა, სავარაუდო ინციდენტზე პასუხისმგებელი პირები დაედგინა და დაესაჯა.

აზერბაიჯანის ბრალდებებს სომხეთის თავდაცვის სამინისტრო 24 თებერვალს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ აზერბაიჯანის პოზიციებზე სავარაუდო ცეცხლის გახსნის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ცნობები "სინამდვილეს არ შეესაბამება".

დამატებით, სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ 24 თებერვალს, 12:30 საათზე, "აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა გეღარქუნიქის პროვინციის ვერინ-შორჟის დასახლებაში არსებულ სომხეთის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს" და განცხადებაში ცეცხლის გახსნის სავარაუდო წყაროს კოორდინატები გაასაჯაროვეს.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას მალევე აზერბაიჯანმა უპასუხა და სომხური მხარე "დეზინფორმაციის გავრცელებით პროვოკაციების გადაფარვაში" დაადანაშაულა. აზერბაიჯანის მხარის მტკიცებით, ზუსტად დაადგინეს, რომ ცეცხლი სომხეთის შეიარაღებული ძალების პუნქტიდან გაიხსნა, ხოლო სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას დეზინფორმაცია უწოდეს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მათ სამხედრო დანაყოფებს ცეცხლი არ გაუხსნიათ, რადგან მათი მიზანი "პირობით საზღვართან სტაბილურობის შენარჩუნების უზრუნველყოფა" იყო.

კომენტარები