რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

იტალიამ და კანადამ უკრაინასთან უსაფრთხოების შეთანხმებებს მოაწერეს ხელი

კანადის პრემიერი ჯასტინ ტრუდო და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უსაფრთხოების შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიაზე, 2024 წლის 24 თებერვალი
Ukrainian Presidential Press Service/Handout via REUTERS

24 თებერვალს კანადის პრემიერმა, ჯასტინ ტრუდომ და იტალიის პრემიერმა, ჯორჯია მელონიმ კიევში ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებების შემდეგ, რუსეთის შეჭრიდან ორი წლისთავზე უკრაინასთან უსაფრთხოების შეთანხმებებს მოაწერეს ხელი.

ამით კანადა და იტალია შეუერთდნენ გაერთიანებულ სამეფოს, გერმანიას, საფრანგეთსა და დანიას კიევთან უსაფრთხოების 10-წლიანი შეთანხმების დადებით ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად მანამ, სანამ უკრაინა NATO-ს წევრი არ გახდება.

"ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას იმაში, რისიც მე ყოველთვის მჯეროდა, რომ მისი ხალხის სამართლიანი უფლებაა საკუთარი თავი დაიცვას... ეს ასევე აუცილებლად ნიშნავს სამხედრო მხარდაჭერას, რადგან აურიო სიტყვა "მშვიდობა" და "დანებება", როგორც ამას ზოგიერთები აკეთებენ, ფარისევლური მიდგომაა, რომელსაც ჩვენ არასდროს გავიზიარებთ". - თქვა მელონიმ ხელმოწერის ცერემონიაზე.

კანადის პრემიერმინისტრმა ჯასტინ ტრუდომ თქვა, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ორი წლის შემდეგაც, ოტავას მხარდაჭერა კიევისადმი "ურყევი" რჩება.

"დღეს, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად გვერდში დგომით, კანადა ვალდებულია უკრაინას შემდგომი დახმარება, მათ შორის, სამხედრო და ჰუმანიტარული მხარდაჭერა გაუწიოს". - თქვა მან.

ამასთან, ჯასტინ ტრუდოს ოფისმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2024 წელს კანადა უკრაინას 3 მილიარდი კანადური დოლარით ($2.2 მილიარდი) დაეხმარება.

უსაფრთხოების ორ ხელშეკრულებას ხელი ზელენსკის, მელონის, ტრუდოს, ბელგიის პრემიერმინისტრ ალექსანდრ დე კროოსა და  ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის ერთობლივი პრესკონფერენციის დასაწყისში მოეწერა. ლიდერები ომის 2 წლისთავზე უკრაინის დედაქალაქში სოლიდარობის გამოსახატად ჩავიდნენ და უკრაინას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს.

კომენტარები