ლიტვა

ლიტვის პრეზიდენტმა მხარდამჭერები ყავაზე დაპატიჟა, საარჩევნო კომისიამ მას წესები შეახსენა

Gitanas Nauseda / X

ლიტვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ თავისი პოტენციური მხარდამჭერები ფინჯან ყავაზე დაპატიჟა, რასაც ქვეყნის საარჩევნო ორგანოს მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა და ნაუსედას საარჩევნო წესები შეახსენა.

22 თებერვალს ნაუსედამ, რომელიც 12 მაისს დაგეგმილ არჩევნებზე კენჭისყრას გეგმავს, სოციალურ ქსელში დაწერა:

"როგორც იცით, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ხელმოწერების შეგროვება დაიწყო, ამიტომ გიწვევთ, მხარი დაუჭიროთ ჩემს კანდიდატურას ონლაინ ხელმოწერით. სიამოვნებით დავლევდი ყავას მასთან, ვინც იქნება მე-5 000, მე-7 500, მე-10 000, მე-15 000, მე-20 000 ადამიანი".

ამასთან, ნაუსედამ მიიწვია ხალხი, გაეგზავნათ ონლაინ მხარდაჭერის ამსახველი ფოტომასალა ელ. ფოსტის მისამართზე "და მე დაგპატიჟებთ ჩემთან შეხვედრაზე ფინჯან ყავაზე. ჩვენ გვექნება გულწრფელი დისკუსია წიგნებზე, კალათბურთსა და ლიტვის მომავალზე".

თუმცა, როგორც ლიტვის საარჩევნო კომისიამ აღნიშნა, ნაუსედას შეთავაზება ეწინააღმდეგებოდა წესებს.

"მას შემდეგ რაც ვნახეთ ინფორმაცია მის ფეისბუქ გვერდზე, დავუკავშირდით კანდიდატს და შევახსენეთ საჩუქრების შესახებ საარჩევნო კოდექსის დებულებები ხმის მიცემისა და ხელმოწერების შეგროვების დროს და მოვუწოდეთ, პატივი სცეს მათ". - უთხრა ლიტვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ლინა პეტრონიენემ POLITICO-ს.

საარჩევნო კომისიის მწვავე რეაქციის შემდეგ ნაუსედამ სოციალურ ქსელში ახალი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ ყავის (ჩაის) საფასურს თითოეული მხარდამჭერი თავად გადაიხდიდა.

"იმისთვის, რომ არ დაირღვეს ლიტვის რესპუბლიკის საარჩევნო კოდექსის დებულებები და არ დაიტვირთოს ცენტრალური საარჩევნო კომისია დამატებითი საქმით, ვასწორებ ჩემს პოსტს: მათ, ვინც ჩემს მხარდასაჭერად მოაწერა ხელი, ვეპატიჟები კაფეში შესახვედრად სამუშაო საათების მიღმა. ყავის (ჩაის) საფასურს თითოეული მონაწილე პირადად გადაიხდის". - დაწერა ნაუსედამ. 

საარჩევნო კომისიის ცნობით, კანდიდატებმა 28 მარტამდე მინიმუმ 20 000 ხელმოწერა უნდა შეაგროვონ, რათა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. მაშინ, როცა ნაუსედამ სოციალურ ქსელში ფინჯან ყავაზე მოსაწვევი წერილი გამოაქვეყნა, მას 9 200-ზე მეტი ხელმოწერა ჰქონდა.

კომენტარები