ალექსეი ნავალნის სიკვდილი

კარა-მურზა: პუტინს თან სდევს სიკვდილი – იყო ჩეჩნეთი, საქართველო, უკრაინა

ვლადიმირ კარა-მურზა

პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერის, ვლადიმირ კარა-მურზას თქმით, ალექსეი ნავალნის სიკვდილზე ერთადერთი პასუხისმგებელი ქვეყნის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინია. ამის შესახებ კარა-მურზა წერილში საუბრობს.

კარა-მურზა წერილში ხაზს უსვამს, რომ პუტინს მისი მმართველობის განმავლობაში მუდამ თან სდევდა სიკვდილი – მისი სამიზნე მათ შორის იყო ჩეჩნეთი, საქართველო, უკრაინა და სხვა.

"ერთი რამ ზუსტად ვიცი – ალექსეი ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებლობა პირადად ვლადიმირ პუტინს ეკისრება. იმიტომ, რომ ალექსეი ნავალნი მისი პირადი პატიმარი იყო და მხოლოდ მისი პირადი ბრძანებების საფუძველზე შეეძლოთ ФСБ-ის მომწამვლელებს, გამომძიებლებს, პროკურორებსა და მოსამართლეებს საქმის წარმოება და განაჩენის გამოტანა. ხელისუფლებაში ყოფნის 25 წლის განმავლობაში ამ კაცს თან სდევს სიკვდილი – სწორედ იმ შემოდგომიდან, როდესაც საკუთარ საცხოვრებლებში მშვიდად მძინარე ხალხი ააფეთქეს. შემდეგ კი იყო ჩეჩნეთი, ნორდ-ოსტი, ბესლანი, საქართველო, სირია, უკრაინა.

საუკეთესოებს კლავენ –  ყველაზე მამაცი, ყველაზე გულწრფელი, ყველაზე მზრუნველი. და მხოლოდ ეს შურისძიების სურვილით შეპყრობილი, მხდალი, გაუმაძღარი მოხუცი ინარჩუნებს სიკვდილის სადავეებს, ანადგურებს ყველას, ვისაც მისი ძალაუფლებისთვის საფრთხედ ხედავს". - წერს კარა-მურზა.

ვლადიმირ კარა-მურზას სახელმწიფო ღალატისა და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის 2023 წლის აპრილში 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ის ბრალდებებს უარყოფდა და სასამართლოს სტალინური პერიოდის გასამართლებებს ადარებდა.


რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს, პატიმრობაში გარდაიცვალა

17 თებერვალს, ნავალნის პრესსპიკერის, კირა იარმიშის თქმით, ნავალნის დედა და ადვოკატი მივიდნენ მორგში, სალეხარდში, მაგრამ ის დაკეტილი დახვდათ, ხოლო კარზე მითითებულ ნომერზე დარეკვის შემდეგ უთხრეს, რომ იქ ნავალნის ცხედარი არ იყო. 

იარმიშიმ ასევე თქვა, რომ 19 თებერვალს პოლიტიკოსის დედა და ადვოკატები სალეხარდის მორგში ნავალნის ცხედრის სანახავად არ შეუშვეს. 

"დილით ადრე ალექსეის დედა და ადვოკატები მორგში მივიდნენ. შიგნით არ უშვებენ. ერთ-ერთი ადვოკატი ფაქტობრივად ძალით გამოაგდეს. კითხვას, არის თუ არა იქ ალექსეის ცხედარი, თანამშრომლები პასუხს არ სცემენ". - წერს იარმიში.

იარმიშმა ასევე დაწერა, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სიკვდილის გამოძიება კიდევ უფრო "გახანგრძლივდა" და გაურკვეველია, თუ რამდენი ხანი გაგრძელდება. 

"საგამოძიებო კომიტეტში დედასა და ადვოკატებს უთხრეს, რომ ნავალნის სიკვდილის გამოძიება გახანგრძლივდა. კიდევ რამდენ ხანს გასტანს - უცნობია. სიკვდილის მიზეზი უწინდებურად "დაუდგენელია". ისინი იტყუებიან, დროს წელავენ და ამის დამალვას არც კი ცდილობენ". - წერს იარმიში. 

კომენტარები