ალექსეი ნავალნის სიკვდილი

X: იულია ნავალნაიას ანგარიში შეცდომით დაიბლოკა, რის აღმოჩენისთანავეც ის აღვადგინეთ

სოციალური ქსელი X-ი (ყოფილი Twitter-ი) იულია ნავალნაიას ანგარიშის დაბლოკვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ აღნიშნული ანგარიში პლატფორმის თავდაცვის მექანიზმმა ავტომატურად შეცდომით დაბლოკა.

"მანიპულაციისა და სპამის წინააღმდეგ ჩვენი პლატფორმის თავდაცვის მექანიზმმა შეცდომით ჩათვალა, რომ იულია ნავალნაიას ანგარიში ჩვენს წესებს არღვევდა. ანგარიში ხარვეზის აღმოჩენისთანავე აღვადგინეთ და თავდაცვის სისტემას გავაახლებთ". - წერს პლატფორმა X-ის დაცულობის ანგარიში.

გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის ცოლის იულია ნავალნაიას ანგარიში რამდენიმე საათის წინ დაიბლოკა.

ნავალნაიამ X-ზე ანგარიში გუშინ, 19 თებერვალს შექმნა და ამ დროისთვის უკვე 167 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს.

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს, პატიმრობაში მოკვდა. ამ დრომდე უცნობია სად არის მისი ცხედარი.

კომენტარები