ირაკლი კობახიძე

კობახიძე პრემიერის რანგში პირველი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება

ირაკლი კობახიძე და ჯოზეფ ბორელი

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა -  შეხვედრების გამართვა დღეიდან დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირსა და ნატოში შეხვედრებია დაგეგმილი.

კობახიძე საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელსა და ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტს, ჯოზეფ ბორელს უკვე შეხვდა.

"დღეს იწყება ახალი პრემიერმინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი საზღვარგარეთ და ძალიან ნიშანდობლივია, რომ ეს ვიზიტი შედგება ბრიუსელში. ეს არის ძალიან მკაფიო სიგნალი, რომელიც იგზავნება ჩვენი მთავრობის მხრიდან არა მხოლოდ ევროპისადმი და ევროკავშირისადმი, არამედ მთელი მსოფლიოსადმი, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები არის სწორედ ევროკავშირი და ნატო". - თქვა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე. 

მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, კობახიძე მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომაში, რის შემდეგაც ჯოზეფ ბორელსა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთად პრესკონფერენციას გამართავს.

მათივე მითითებით, კობახიძე შეხვედრას ნატოს გენერალურ მდივანთანაც გამართავს და ასევე, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერმინისტრი ბრიუსელში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად გუშინ, 19 თებერვალს გაემგზავრა. დელეგაციის შემადგენლობაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი არიან.

კომენტარები