იემენელი ჰუსიტები ირწმუნებიან, რომ მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტით ამერიკული სადაზვერვო დრონი MQ-9 Reaper-ის ჩამოგდება შეძლეს. მათ გაავრცელეს განადგურებული დრონის ამსახველი ფოტოები და უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდების ვიდეო. ამერიკულ გამოცემა The New York Times-თან პენტაგონის ორმა წარმომადგენელმა იემენის სანაპიროზე დრონის ჩამოვარდნა დაადასტურა და თქვეს, რომ მიზეზებს იძიებენ.
ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტები 19 თებერვალს ირწმუნებოდნენ, რომ მათ ამერიკული დრონი საპორტო ქალაქი ჰოდეიდას მახლობლად, დასავლეთ იემენში ჩამოაგდეს.
"იემენის საჰაერო თავდაცვამ შესაბამისი რაკეტით შეძლო ჩამოეგდო ამერიკული თვითმფრინავი (რედ. იგულისხმება MQ-9), როცა ის ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ სიონისტური რეჟიმის სუბიექტის სასარგებლოდ მტრულ მისიას ატარებდა." – თქვა ჰუსიტების სამხედრო სპიკერმა, იაჰია სარეამ.
სარეამ ასევე აღნიშნა, რომ შემთხვევას მათი მხრიდან საპასუხო ქმედებები მოჰყვებოდა.
თუ ჰუსიტების სიტყვები დამტკიცდება, ეს იქნება მეორე შემთხვევა როცა მიმდინარე დაძაბულობის ფონზე ირანის მიერ მხარდაჭერილმა იემენურმა დაჯგუფებამ ამერიკული დრონი ჩამოაგდო.
ბოლო დღეებში წითელ ზღვასა და ადენის ყურეში ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა. 18 თებერვალს აშშ-ს ცენტრალური სარდლობის ცნობით, აშშ-მ იერიში მიიტანა ჰუსიტების 5 სამხედრო სამიზნეზე. მათ შორის იყო წყალქვეშა დრონიც. ეს დარტყმები მას შემდეგ მიიტანეს, რაც ჰუსიტებმა, სავარაუდოდ, პირველად გამოიყენეს წყალქვეშა უპილოტო აპარატი მას შემდეგ, რაც 23 ოქტომბერს წითელ ზღვასა და ადენის ყურეში აგრესიული მოქმედებები დაიწყეს.
18 თებერვალს ჰუსიტების მიერ ნასროლი ორი ხომადლსაწინააღმდეგო რაკეტიდან ერთ-ერთი მოხვდა ბელიზეს დროშის ქვეშ მცურავ, ბრიტანეთის კუთვნილ გადამზიდს. ხომალდის ბორტზე მყოფი ეკიპაჟი სიახლოვეში მყოფმა სავაჭრო გემმა უახლოეს პორტში გადაიყვანა.
ჰამასის მიერ 7 ოქტომბერს ისრაელზე მიტანილი თავდასხმის შემდეგ ახლო აღმოსავლეთში ვითარება გამწვავდა. გააქტიურდნენ ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფები, რომლებიც აშშ-ს ძალებს სირიასა და ერაყში რეგულარულად ესხმიან თავს. პარალელურად წითელ ზღვაში სავაჭრო ხომალდებს თავს ესხმიან იემენელი ჰუსიტები, რაზეც აშშ და დიდი ბრიტანეთი საპასუხო დარტყმებით რეაგირებს. ამ იერიშების მიუხედავად, რადიკალები თავდასხმებს აგრძელებენ. წითელ ზღვასა და ადანის ყურეში ამ მიზეზით შეფერხდა სავაჭრო ხომალდების გადაადგილება. 17 თებერვლიდან ჰუსიტების დაჯგუფება აშშ-ს ტერორისტთა სიაში დაბრუნდა.