დაძაბულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

იმედი გვაქვს, აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე შეტაკებები არ განმეორდება – ერდოღანი

ილჰამ ალიევი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი
თურქეთის პრეზიდენტი

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან გამართული შეხვედრის დროს გამოხატა იმედი, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებები აღარ მოხდება. ამის შესახებ მან გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, თუ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდება, ეს რეგიონს სიმშვიდესა და სტაბილურობას მოუტანს.

"უდავოა, რომ ხანგრძლივი სამშვიდობო შეთანხმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ახალი იმედის, მშვიდობის, სიმშვიდისა და სტაბილურობის წყარო იქნება ჩვენს რეგიონსა და მსოფლიოში. ამ პროცესში აზერბაიჯანის გვერდით ვდგავართ." – თქვა ერდოღანმა.

მანამ, სანამ ერდოღანი 19 თებერვალს ალიევს ანკარაში შეხვდებოდა, ის მიუნხენის უსაფრთხოების სამიტზე სომხეთის პრემიერმინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს ესაუბრა.

ერდოღანის თქმით, ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების შემდეგ გაიხსნა შესაძლებლობის ფანჯარა, რომლის გამოყენებისკენაც სომხეთს მოუწოდა. ამას გარდა, მან მიმართა "მესამე მხარეებს", რომ პროცესის გაუარესების ნაცვლად კონსტრუქციული ნაბიჯები გადადგან.

"ყარაბაღში ოკუპაციის დასრულებით გაიხსნა ისტორიული შესაძლებლობის ფანჯარა ჩვენს რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისთვის. ჩემი აზრით, სომხეთი უნდა ფიქრობდეს მომავალზე და ამ პროცესს სტრატეგიული პერსპექტივიდან აფასებდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ფანჯარა არ დაიხუროს. მოვუწოდებთ მესამე მხარეებს, პროცესის მოწამვლის ნაცვლად, კონსტრუქციული ნაბიჯები გადადგან". – თქვა თურქეთის პრეზიდენტმა.

სომხეთზე საუბრის ბოლოს ერდოღანმა გამოთქვა იმედი, რომ ბაქოსა და ერევანს შორის სასაზღვრო ინციდენტები აღარ მოხდება.

"მსურს გამოვიყენო ეს შესაძლებლობა სათქმელად, რომ იმედი გვაქვს, მცირე ხნის წინ მომხდარი ინციდენტები ორი ქვეყნის საზღვარზე აღარ განმეორდება." – თქვა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

12 თებერვალს, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ახალი შეტაკებები მოხდა. მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებდნენ. 13 თებერვალს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ გაანადგურეს სომეხი სამხედროების პოსტი "შურისძიების ოპერაციის" ფარგლებში. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ დაიღუპა 4 სომეხი ჯარისკაცი. ბაქოს ცნობით, დაიჭრა მათი სამხედრო მოსამსახურეც.

19 სექტემბერს აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში სამხედრო ოპერაცია დაიწყო. ერთდღიანი საბრძოლო მოქმედებების შემდეგ სეპარატისტებმა კაპიტულაცია გამოაცხადეს. სომხეთი საბრძოლო მოქმედებებში არ ჩართულა. 28 სექტემბერს თვითგამოცხადებული არცახის, იგივე მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა, სამველ შაჰრამანიანმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც 2024 წლის 1-ელი იანვრიდან სეპარატისტულმა ე.წ. რესპუბლიკამ არსებობა შეწყვიტა.

კომენტარები