რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დანია უკრაინას საარტილერიო ჭურვების მთლიან მარაგს გადასცემს – დანიის პრემიერი

დანიის პრემიერმინისტრი, მეტე ფრედერიკსენი
EPA-EFE/Clemens Bilan

დანიის პრემიერმინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა, თქვა, რომ ქვეყნის მარაგებში შენახულ ყველა საარტილერიო ჭურვს უკრაინას გადასცემენ. მისივე თქმით, საარტილერიო ჭურვები უკრაინულ მხარეს ახლა განსაკუთრებით სჭირდება.

"თუ ჰკითხავთ უკრაინელებს, საბრძოლო მასალას, არტილერიას ითხოვენ ახლა. დანიის მხრიდან, გადავწყვიტეთ, ჩვენი მთლიანი არტილერია მივაწოდოთ". - თქვა ფრედერიკსენმა. 

ფრედერიკსენის თქმით, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებისას ევროპული ქვეყნები მხოლოდ წარმოებით არ უნდა შემოიფარგლონ, არამედ მარაგებში არსებული საბრძოლო მასალა და იარაღებიც უნდა გაითვალისწინონ. 

"ევროპულ მარაგებში საბრძოლო მასალა ისევ არის დარჩენილი. ეს არ არის მხოლოდ წარმოების საკითხი, რადგან გვაქვს იარაღები, გვაქვს ვაზნები, გვაქვს საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებიც გამოსაყენებლად მოცემულ მომენტში თავად არ გვჭირდება და რომლებიც უკრაინას უნდა გავუგზავნოთ". - თქვა ფრედერიკსენმა. 

დანიის პრემიერმა ასევე თქვა, რომ რუსეთი დასავლური სამყაროსთვის საფრთხეს წარმოადგენს და მშვიდობას არ სურს. მისი თქმით, რუსეთი აქტიურად ცდილობს, დასავლეთს დესტაბილიზაცია მოუწყოს. 

"რუსეთს ჩვენთან მშვიდობა არ უნდა. ისინი დასავლურ სამყაროს მრავალი სხვადასხვა კუთხიდან უწყობენ დესტაბილიზაციას - არქტიკის რეგიონიდან, ბალკანეთიდან, აფრიკიდან - დეზინფორმაციის, კიბერთავდასხმების, ჰიბრიდული ომის გამოყენებით, და, რა თქმა უნდა, უკრაინაში". - თქვა ფრედერიკსენმა. 

ფრედერიკსენს არ დაუკონკრეტებია, თუ რა ოდენობის საარტილერიო ჭურვები აქვს დანიას მარაგებში. 

კომენტარები