ე.წ ციანიდის საქმე

IPN: დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის თქმით, ის ე.წ უდოს კომისიის მეშვეობით გათავისუფლდა

დეკანოზი გიორგი მამალაძე
რეგინფო

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას თქმით, დეკანოზის საპატიმროდან გათავისუფლება ე.წ. უდოს, ანუ პატიმართა პირობით ვადაზე ადრე გათავიაუფლების კომისისიის გადაწყვეტილებით მოხდა. ამის შესახებ ადვოკატმა გამოცემა ინტერპრესნიუსთან ისაუბრა.

"შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ნამდვილად გამოვიდა. გამოვიდა უდოს კომისიის საშუალებით. რამდენიმე საათის წინ მოხდა მისი გამოშვება საპატიმროდან და, შესაბამისად, ოფიციალური დეტალები არ ჩაგვბარებია, მაგრამ შემიძლია დაიდასტუროთ, რომ დღეს საღამოს გამოვიდა". - ეუბნება ფანცულაია IPN-ს.

ადვოკატისვე დაზუსტებით, დეკანოზს პატიმრობის სრულად მოხდამდე დაახლოებით 1 წელი და 9 თვე ჰქონდა დარჩენილი.

ინფორმაცია დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლების შესახებ მისმა ძმამ, თორნიკე მამალაძემ, Facebook-ით გაავრცელა.

"7-წლიანი ტანჯვისა და ლოდინის შემდეგ ჩემი ძმა დეკანოზი გიორგი თავისუფალია!" - დაწერა თორნიკე მამალაძემ სოციალურ ქსელში.


დეკანოზი გიორგი მამალაძე ციხეში შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობისთვის იჯდა. თუმცა, 2017 წელს, როცა დეკანოზი მამალაძე დააკავეს, პროკურატურა ამბობდა, რომ ის მაღალი იერარქის მკვლელობას გეგმავდა. არსებობდა აზრი, რომ პირი, ვის ციანიდით მოწამვლასაც დეკანოზი მამალაძე გეგმავდა, პატრიარქი იყო. თუმცა, პროკურატურამ რამდენიმე დღეში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ გიორგი მამალაძეს შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა ჰქონდა დაგეგმილი. პროკურორის თქმით, მამალაძემ დაკითხვისას თქვა, რომ შორენა თეთრუაშვილის სიკვდილი გაუხარდებოდა.  

დეკანოზი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. თავად დეკანოზი ამბობს, რომ მას ციანიდის შეძენა შორენა თეთრუაშვილმა დაავალა, თუმცა, მომწამლავი ნივთიერება არ შეუძენია.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მას ბრალდება - ანგარებით მკვლელობის მომზადება გადაუკვალიფიცირადა დამნაშავედ განზრახ მკვლელობის მომზადებაში ცნო. ამასთან, დამამძიმებელი გარემოება მოუხსნა. ბესიკ ბუგიანიშვილმა მამალაძის დანაშაულის მოტივად ანგარების ნაცვლად, შურისძიება დაასახელა.

2018 წლის 13 თებერვალს კი, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. უზენაესმა სასამართლომ საქმე წარმოებაში არ მიიღო.

5 წლის წინ დეკანოზ გიორგი მამალაძის ერთ-ერთმა ადვოკატმა, დავით ჯანდიერმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივარი გაგზავნა. 2021 წლის 16 ივნისს ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგის სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე წარმოებაში მიიღო. 

"მომჩივანთან დაკავშირებული ფაქტები უკავშირდება კონვენციის მე-6 (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) და მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) სავარაუდო დარღვევას". – წერდა იურისტი დავით ჯანდიერი.

კომენტარები