ე.წ ციანიდის საქმე

რამიშვილი: სასულიერო და საერო პირების ნაწილს დეკანოზის თავისუფლებაში ყოფნა არ სურს

ტაბულა

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ მისთვის უცნობია, რას გადაწყვეტს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დეკანოზის შეწყალებასთან დაკავშირებით. 

რამიშვილი ამბობს, რომ კულუარული ინფორმაციით, ექსპრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ორჯერ იმიტომ თქვა უარი მამალაძის შეწყალებაზე, რომ შესაბამისი მოთხოვნა საპატრიარქოს ჰქონდა. რამიშვილის თქმით, იგივე ხდება ახლა სალომე ზურაბიშვილის მიმართაც. 

"სასულიერო და საერო პირების გარკვეულ ნაწილს ნამდვილად არ სურს დეკანოზის თავისუფლებაში ყოფნა იმიტომ, რომ მის მიმართ საზოგადოების მხრიდან ძალიან ბევრი შეკითხვა იქნება დასმული,"- ამბობს რამიშვილი რუსთავი 2-თან საუბარში. 

რამიშვილის თქმით, ეს პირდაპირი, მიზანმიმართული და კარგად დაგეგმილი ფინიშია. 

"ღმერთმა ქნას, რომ გონიერება და პოლიტიკური ნება ეყოთ და შეიწყალონ უდანაშაულო ადამიანი,"- ამბობს რამიშვილი. 

პრეზიდენტმა თქვა, რომ მორატორიუმის შემდეგ ის პატიმრებს შობის დღესასწაულამდე შეიწყალებს, თუმცა ამ დრომდე უცნობია, მოხვდება თუ არა შეწყალებულთა სიაში დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომლის შეწყალების ფორმალური შუამდგომლობითაც საპატრიარქომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიმართა. 

ამასთან, ზურაბიშვილი პატრიარქის იუბილესთან დაკავშირებით 4 იანვარს საპატრიარქოში მივიდა. მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ზურაბიშვილი საპატრიარქოში სინოდის წევრებს შეხვდა და დეკანოზის შეწყალების საკითხი განიხილა. 

კომენტარები