ე.წ ციანიდის საქმე

ადვოკატი: თუ დეკანოზს არ შეიწყალებენ, ეს ნიშნავს, რომ გარკვეულ ჯგუფს არ უნდა მისი შეწყალება

თეონა თურმანიძე

ე.წ ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ თუკი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძეს არ შეიწყალებს, ეს იმას ნიშნავს, რომ არსებობს გარკვეული ჯგუფი, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დეკანოზი მამალაძე ციხიდან არ გამოვიდეს.

რამიშვილის თქმით, ორივე მხარეს, როგორც საეკლესიოს, ისე სახელისუფლებოს ყოველთვის ექნებათ სასაუბრო: ერთი მხრივ, საპატრიარქო იტყვის, რომ მათ პრეზიდენტს შეწყალების მოთხოვნით მიმართეს, ხოლო მეორე მხრივ, იტყვიან, რომ ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა. 

"თუ ამდაგვარი ნება იქნება გამოხატული და არ შეიწყალებს, ეს იმას ნიშნავს, რომ არსებობს გარკვეული ჯგუფი, გარკვეული პირები, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ, რომ დეკანოზი არ იქნეს შეწყალებული,"- ამბობს მიხეილ რამიშვილი მთავართან ინტერვიუში. 

შეკითხვაზე, ვისი ინტერესია ეს, სახელმწიფოს, თუ ეკლესიის, რამიშვილი პასუხობს, "ორივე ერთად".

31 ოქტომბრის სხდომაზე წმიდა სინოდმა გადაწყვიტა, პრეზიდენტს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით მიმართოს. სინოდის სხდომის მდივნის, მეუფე დანიელის თქმით, მიზეზი დეკანოზის "ჯანმრთელობისა და ოჯახის რთული მდგომარეობაა". 

2 ნოემბერს განცხადება გაავრცელა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, სადაც ეწერა, რომ შეწყალების საქმეების განხილვა არ განახლებულა. ამავე დღეს საპატრიარქოს იურისტმა თქვა, რომ სინოდის წევრებს პრეზიდენტისთვის ჯერ ოფიციალური შუამდგომლობით არ მიუმართავთ. 

პრეზიდენტმა შეწყალებაზე მორატორიუმი მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ცნობილი გახდა, რომ მან შეწყალების ფარგლებში მკვლელობაში ბრალდებულები და პროკურატურის მიერ წლების განმავლობაში ძებნილი პირები შეიწყალა. 

დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. 5 სექტემბერს ის სასამართლომ დამნაშავედ სცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

მამალაძის ოჯახი, ასევე მიტროპოლიტი პეტრე ცაავა მის შეწყალებას წელიწადზე მეტია, ითხოვს. პეტრე ცაავა საპატრიარქოს სწორედ მამალაძის საკითხზე დაუპირისპირდა.

კომენტარები