რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა ომის დაწყებიდან 3000 ტანკი დაკარგა, მაგრამ ჯერჯერობით ჩანაცვლებას ახერხებს – IISS

განადგურებული და ხელთ ჩაგდებული რუსული ტანკები უკრაინაში
IRINA RYBAKOVA/PRESS SERVICE OF/via REUTERS

13 თებერვალს სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტმა (IISS) ყოველწლიური სამხედრო ბალანსის მონაცემები გამოაქვეყნა, საიდანაც უკრაინასთან ომში რუსეთის დანაკარგების მასშტაბები ირკვევა.

IISS-ის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინაში 3000-ზე მეტი ტანკი დაკარგა, აქედან 1120 კი - მხოლოდ ბოლო ერთ წელში. ეს რუსეთის ომამდელ აღჭურვილობას უტოლდება, თუმცა, მას საკმარისი რაოდენობის დაბალი ხარისხის ტანკები აქვს, რათა დაკარგული ტანკების ჩანაცვლება წლობით შეძლოს.

ანგარიშის მიხედვით, მძიმე დანაკარგები უკრაინამაც განიცადა, მაგრამ დასავლეთის სამხედრო დახმარების წყალობით, უკრაინამ მარაგის შენარჩუნება, აღჭურვილობის ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად, შეძლო.

სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის უფროსი მკვლევრის ჰენრი ბოიდის თქმით, რუსეთი დანაკარგების საპირწონედ აღჭურვილობის ჩანაცვლებას ახერხებდა. მისი გათვლებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში რუსეთის არმიამ 1000-1500 ტანკი მიიღო, მაგრამ აქედან ახლად წარმოებული არაუმეტეს 200 ტანკი იყო.

"მოსკოვმა მოახერხა და ხარისხი რაოდენობაში გადაცვალა... საწყობებიდან ათასობით ძველი ტანკის ამოღებით, რისი ტემპიც ზოგჯერ თვეში 90 ტანკი იყო". - წერია ანგარიშში.

IISS-ის შეფასებით, რუსეთის საწყობებში არსებული მარაგები ნიშნავს, რომ მოსკოვმა შესაძლოა, "მძიმე დანაკარგების კიდევ პოტენციური სამი წელი აიტანოს და საწყობებიდან ტანკები შეავსოს, თუნდაც დაბალი ხარისხით".

ინსტიტუტის გენერალური დირექტორის ბასტიან გიგერიჩის თქმით, "დასავლეთის მთავრობები ისევ აღმოჩნდნენ იმ პოზიციაში, რომ უნდა გადაწყვიტონ, კიევი ან [რუსეთისთვის] გადამწყვეტი მნიშვნელობის დარტყმის მისაყენებლად საჭირო შეიარაღებით, ან არ წაგებისთვის საკმარისი [შეიარაღებით] უზრუნველყონ".

ომში მიღებული დანაკარგების ფონზე, IISS-ის ექსპერტები თვლიან, რომ ბრძოლის ველზე დამდგარი ყაიმი, სავარაუდოდ, შენარჩუნდება.

"არცერთ მხარეს შეუძლია ფართო მასშტაბის შეტევა ისე, რომ მძიმე დანაკარგები არ განიცადოს, და პროგნოზირებად მომავალში ასეც გაგრძელდება". - განაცხადა ინსტიტუტის სახმელეთო ომის ანალიტიკოსმა ბენ ბარიმ.

კომენტარები