რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთი Starlink-ს იყენებს

უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (GUR) ინფორმაციით, რუსეთის ძალები უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ილონ მასკის SpaceX-ის მიერ დამზადებული Starlink-ის ტერმინალებს თანამგზავრული ინტერნეტისთვის იყენებს.

"რუსი ოკუპანტების მიერ აღნიშნული მოწყობილობების გამოყენების შემთხვევები შევნიშნეთ. ეს სისტემურ სახეს იღებს". - ამბობს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელი ანდრიი იუსოვი.

სააგენტოს თქმით, რუსეთის 83-ე საჰაერო შეტევის ბრიგადა Starlink-ის ტერმინალებს დონეცკში, კლიშჩიივკისა და ანდრიივკის ქალაქების მიმდებარედ იყენებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

GUR-ის ცნობებით, ორ რუს ჯარისკაცს შორის საუბარი მოისმინეს, სადაც ისინი მსჯელობდნენ, თუ სად გაემართათ Starlink-ის ტერმინალები. სააგენტოს კომენტარი არ გაუკეთებია იმის შესახებ, თუ საიდან მოიპოვა რუსულმა მხარემ აღნიშნული ტერმინალები - უცხოეთიდან შესყიდვით თუ ბრძოლის ველზე ნაპოვნი ნადავლიდან.

SpaceX-მა 8 თებერვალს განაცხადა, რომ რუსეთში Starlink-ის ტერმინალები გააქტიურებული არ არის. ამას გარდა, კომპანიის თქმით, რუსეთში სატელიტური ინტერნეტის სერვისი არასდროს გაუყიდიათ.

"თუ SpaceX-ი მოიპოვებს ცნობას, რომ Stalink-ის ტერმინალებს სანქციების ქვეშ მყოფი ან არაავტორიზებული მხარე იყენებს, გამოვიძიებთ და ტერმინალის გამორთვისთვის ნაბიჯებს გადავდგამთ". - განაცხადა Stalink-მა X-ზე.


SpaceX-ის პროექტი Starlink-ი გლობალური თანამგზავრული სისტემაა, რომლის მიზანიც მაღალი სიჩქარის ინტერნეტის მიწოდებაა ისეთ ადგილებში, სადაც ინტერნეტკავშირი არასაიმედო, ძვირი ან მიუწვდომელი იყო. პროექტის შემუშავება 2015 წელს დაიწყეს. პირველი სატესტო პროტოტიპები TINTIN-ი 2018 წლის თებერვალში, ხოლო უშუალოდ Starlink-ის თანამგზავრების პირველი ჯგუფი ორბიტაზე 2019 წლის მაისში გაუშვეს.

2022 წელს, როდესაც რუსეთის სრულმასშტაბიანი თავდასხმის წინ უკრაინას შეუწყდა კომუნიკაციის სისტემა, ილონ მასკმა უკრაინას მისცა Starlink-ის სატელიტური ტერმინალების გამოყენების საშუალება, რამაც ხელი შეუწყო უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ სამხედრო ოპერაციების განხორციელებას. 2022 წლის 14 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ილონ მასკის კომპანია SpaceX, რუსეთის თავდასხმის ქვეშ მყოფ უკრაინას სატელიტურ ინტერნეტ Starlink-ს უფასოდ აღარ მიაწვდის. 

უკვე 2023 წლის თებერვალში, SpaceX-ის პრეზიდენტმა, გვინ შოტველმა თქვა, რომ კომპანიამ მიიღო ზომები უკრაინული სამხედროების მიერ დრონების სამართავად კომპანიის სატელიტური ინტერნეტ სერვისის Starlink-ის გამოყენების შესაზღუდად.

Starlink-ის სატელიტური ინტერნეტ სერვისის დანიშნულება, რომელიც უკრაინის სამხედროებს რუსეთის არმიისგან თავის დასაცავად კომუნიკაციაში ეხმარებოდა, შოტველის თქმით, არასდროს გულისხმობდა შეტევითი მიზნებისთვის მის ინსტრუმენტალიზაციას. 

კომენტარები