სტიქია იმერეთში

ადგილობრივების თქმით, ნერგეეთში მამასა და მის 3 მოზარდ შვილსაც ეძებენ

ამ დროისთვის, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად დაკარგული 5 ადამიანის ძებნა მიმდინარეობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ შორის, მამა და მისი 3 მოზარდი შვილი არიან.

"ამ მეწყერმა ხალხი ცოცხლად დამარხა [...] მამასა და მის 3 შვილს ეძებენ, ბავშვებს. ტყუპი გოგონები და ბიჭი არიან". - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი TV პირველთან საუბარში.

მედიასთან კომენტარი სოფლის კიდევ ერთმა მცხოვრებმა გააკეთა.

"პედაგოგი ვარ და ვისაც ეძებენ, ჩემი მოსწავლეები არიან - საოცარი ბავშვები, შესანიშნავი ახალგაზრდები [...] დაზიანებისა და ჩამოსული მასალის ვიზუალური დათვალიერების შედეგად, აქ ისეთი მდგომარეობაა, რომ გადარჩენის რაიმე შანსი, რა ვიცი, აბა... [...] იქნებ, რაღაც საოცრება მოხდეს და ვინმე ცოცხალი ვნახოთ". - თქვა ერთ-ერთმა ადგილობრივმა. 

იმერეთის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ბაღდათის სოფელ ნერგეეთში მეწყერი ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, მიწის მასაში მოყვა 4 საცხოვრებელი სახლი. ადგილზე უკვე რამდენიმე საათია მეხანძრე-მაშველები მუშაობენ. ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში, ამ დროისთვის, უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს ერთი მოქალაქე, ნაპოვნია ოთხი ცხედარი, კიდევ ეძებენ ხუთ ადამიანს.

"სტიქიის ადგილებზე იმყოფება 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, ადგილობრივი ხელისუფლების და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, დრონები, კინოლოგთა ჯგუფი და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები" - აცხადებს შსს.

კომენტარები