სტიქია იმერეთში

კობახიძე სტიქიაზე: ყველაფერი გაკეთდება, რომ ასეთი შემთხვევების პრევენციაზე ვიზრუნოთ

ახლადდანიშნული პრემიერი ირაკლი კობახიძე ბაღდათში, სტიქიის ზონაში იმყოფება. მისი თქმით, ყველაფერი გაკეთდება სამომავლოდ იმისთვის, რომ ასეთი შემთხვევების პრევენციაზე მაქსიმალურად ვიზრუნოთ. 

კობახიძე ამბობს, რომ მიიღებენ ზომებს მოსახლეობის განსახლებისა და კომპენსაციების გამოყოფისათვის.

"ყველა ზომა იქნება მიღებული, სადაც არის განსახლება საჭირო, ამასთან დაკავშირებითაც მიიღებს ხელისუფლება ზომებს, კომპენსაციები სადაც არის საჭირო, ამასთან დაკავშირებითაც იქნება ზომები მიღებული. თვითონ სალიკვიდაციო სამუშაოები სტიქიის შედეგების დასრულდება დღეს-ხვალ, უკვე სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა ეს ყველაფერი. ვუსამძიმრებ კიდევ ერთხელ, სოფლის მოსახლეობას. 

ყველაფერი გაკეთდება სამომავლოდ იმისთვის, რომ ასეთი შემთხვევების პრევენციაზე მაქსიმალურად ვიზრუნოთ. რა თქმა უნდა, ვერავითარი ზომა ვერ იქნება პანაცეა. რაც შეიძლება მეტად უნდა გაფართოვდეს დაკვირვების, გაფრთხილების სისტემები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სადაც იქნება შესაძლებელი პრევენცია, იქ მაქსიმალური ზომები უნდა იყოს მიღებული" - ამბობს ირაკლი კობახიძე. 

იმერეთის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ბაღდათის სოფელ ნერგეეთში მეწყერი 7 თებერვალს ჩამოწვა. მაშველებმა ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში დაღუპული 9 ადამიანის ცხედარი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიწის მასაში მოყვა 4 საცხოვრებელი სახლი. 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთის ტერიტორიაზე მეწყრული პროცესები დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე უხვი ნალექის მოსვლამ გაააქტიურა. 

კომენტარები