სტიქია იმერეთში

ნერგეეთში მეწყერის საფრთხე დღესაც ნარჩუნდება – გარემოს სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ანგარიშის მიხედვით, ნერგეეთში მეწყრული სხეულის მიმდებარე ფერდობიდან დღესაც ნარჩუნდება საფრთხე და შესაბამისად 7 თებერვალს ადგილზევე გაიცა რეკომენდაცია აქ მცხოვრები 7 ოჯახის გეოლოგიურად მდგრად ტერიტორიაზე გადაყვანასთან დაკავშირებით.

უწყების ინფორმაციით, სავარაუდოდ, შესაძლებელია მეწყრის რეგრესიულად (უკუსვლით) გაფართოება-გააქტიურება, თავისი უარყოფითი შედეგებით, რასაც მოწმობს მოწყვეტის კიდის პარალელურად 2-3 მ-ში დაფიქსირებული ხილული ნაპრალები.

როგორც სააგენტოს 2024 წლის გეოლოგიურ ანგარიშშია ნათქვამი, პროცესის ჩასახვის ზონიდან დასახლებულ უბნამდე მეწყრულმა მასამ სავარაუდოდ მიაღწია 30-40 წამში. მათივე შეფასებით, განგაშის სისტემის მოწყობა, აღნიშნულის და მისი ჩასახვის ზონიდან დასახლებულ უბნამდე მცირე მანძილის გათვალისწინებით, დამდგარი შედეგების თავიდან ასაცილებლად ვერ იქნებოდა ეფექტური.

"მიუხედავად იმისა, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ყოველწლიურად შედგენილ და გამოცემულ საინფორმაციო გეოლოგიურ ბიულეტენში სოფ. ნერგეეთზე მითითებულია, რომ სოფლის ტერიტორია მოქცეულია მეწყრული მოვლენების შესაძლო გააქტიურების ზონაში, კონკრეტულად ის ლოკაცია, სადაც 2024 წლის 7 თებერვალს ადგილი ჰქონდა მეწყრული მოვლენის განვითარებას, შეფასებული არ ყოფილა" - წერია გარემოს სააგენტოს ანგარიშში.

8 თებერვალს ნერგეეთში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაღუპული ბოლო - მე-9 ადამიანის ცხედარი იპოვეს. იმერეთის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ბაღდათის სოფელ ნერგეეთში მეწყერი 7 თებერვალს ჩამოწვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიწის მასაში მოყვა 4 საცხოვრებელი სახლი. 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთის ტერიტორიაზე მეწყრული პროცესები დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე უხვი ნალექის მოსვლამ გაააქტიურა. 

7 თებერვალს, რადიო თავისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის ბიულეტენში, რომელიც 2023 წელს არის მომზადებული და მოიცავს საქართველოში 2022 წლის სტიქიური გეოლოგიური პროცესების შედეგებს და 2023 წლის პროგნოზებს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფლებში მეწყრული პროცესების გააქტიურება პროგნოზირებული იყო.

მათივე ცნობით, იმ სოფლებს შორის, რომლებიც მოსალოდნელი სტიქიის ზონად არის მონიშნული, დასახელებულია სოფელი ნერგეეთიც. 

კომენტარები