პრეზიდენტის მოხსენება

მდინარაძე ზურაბიშვილზე: პოზიტივთან დაკავშირებით ფორმალურ პრეზიდენტს არაფერი არ უთქვამს

ქართული ოცნება

ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში მოსმენა "რიგითი რადიკალური ოპოზიციონერი გამოსვლად" შეაფასა. 

"არცერთი სიტყვა ქვეყნის რაიმე წარმატების შესახებ მის ამ სიტყვაში არ თქმულა. დავანებოთ თავი შიდა შეფასებებს, ჩვენ შეიძლება სუბიექტურებიც ვიყოთ, როდესაც მსოფლიო ბანკი, მსოფლიო სავალუტო ფონდი და სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციები ყოველ კვირაში გამოსცემენ სხვადასხვა კვლევის შედეგებს, სადაც არ არსებობს სფერო სადაც პროგრესი არ გაქვს ეკონომიკის, კორუფციასთან ბრძოლის და სხვადასხვა მიმართულებით. პოზიტივთან დაკავშირებით საქართველოს ფორმალურ პრეზიდენტს არაფერი არ უთქვამს". - აღნიშნა მდინარაძე. 

მდინარაძის თქმით, ზურაბიშვილს სურვილი აქვს, სათავეში ჩაუდგეს "რაღაც ოპოზიციურ მოძრაობას" და მას "ოპოზიციის რადიკალურ ფრთასთან შეთავაზება აქვს, შალვას ფანჩატური გადაკეთდეს სალომე ზურაბიშვილის ფანჩატურად".

"ამ შემოთავაზებით იყო წარმოდგენილი ქალბატონი სალომე დღეს". - დაამატა მმართველო პარტიის გენერალურმა მდივანმა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილის მიერ პოლიტიკური პლატფორმის შექმნა არაკონსტიტუციურია, რადგან პრეზიდენტის სტატუსს "არ შეესატყვისება". 

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებისას აღნიშნა, რომ არსებულ ვითარებაში ქვეყანას სჭირდება მომავლის დანახვა და ერთობა, რის გამოც პრეზიდენტი გამოდის ინიციატივით, შეიქმნას "მომავლის ქარტია" სახელწოდებით "ერთობის პლატფორმა ევროპისთვის". 

"ქვეყანას სჭირდება დამშვიდება და დაცულობა, რაც მთავარია, ქვეყნის მომავლის დანახვა და ამ ქვეყანაში საკუთარი პერსპექტივის აღმოჩენა და დაჯერება. ამიტომ, დღეს, ამ ტრიბუნიდან გთავაზობთ არსებული ჩიხიდან გამოსვლის ფორმულას და გზას, რათა არ გავუშვათ ხელიდან ეს უნიკალური შანსი. ქვეყანას სჭირდება ერთობა. საზოგადოებას აღარ სჯერა და აღარ სურს იხილოს არაერთხელ უკვე გავლილი პარტიების გაერთიანების სქემები. ასევე, არ სჯერა ცალ-ცალკე, ტოტალურ გამარჯვებაზე გამოცხადებული პრეტენზიების. სჭირდება რეალური მიზანი და ამ ერთი მიზნის ირგვლივ ცოცხალი ძალების შეკრება და ენერგიის მობილიზება. მიზანი გაგვაჩნია - ევროპული მომავალი, ამისათვის მთავარ პრიორიტეტებზე შეჯერებაა საჭირო. ამის მიღწევა შესაძლებელია ერთობლივი პლატფორმის ჩამოყალიბებით. ეს არის ის, რასაც გთავაზობთ, შევქმნათ მომავლის ქარტია - "ერთობის პლატფორმა ევროპისთვის" – ამბობს ზურაბიშვილი.

პრეზიდენტის თქმით, მას სურს აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესში და შეხვდეს ყველა პოლიტიკურ აქტორსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. 

კომენტარები