რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Yandex-ს რუსი ინვესტორების კონსორციუმი $5.2 მილიარდად იყიდის

Yandex NV თავის რუსულ აქტივებს 475 მილიარდ რუბლად ($5.2 მილიარდი) რუსი ინვესტორების კონსორციუმს მიყიდის. კონსორციუმის აქციონერთა სიაში Lukoil-ის მფლობელობაში მყოფი საინვესტიციო ფონდი და ქართული წარმოშობის რუსი ბიზნესმენის, ალექსანდრე ჩაჩავას, კომპანია შედის.

Yandex-ი რუსეთში ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიაა და მისი აქტივების უმეტესობაც, 95%, რუსულ ბაზარზეა. თუმცა, ცნობილი საძიებო სისტემისა და ტაქსის აპლიკაციის მფლობელი კომპანია ნიდერლანდებშია რეგისტრირებული.

კომპანიამ საერთაშორისო და რუსულ სექციებს შორის გაყოფის გადაწყვეტილება რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე მიიღო. რუსული აქტივების გაყიდვა მფლობელ ნიდერლანდურ კომპანიას საშუალებას მისცემს, საერთაშორისო ბაზარზე ახალი პროექტები განავითაროს.

"შეთავაზებული ტრანზაქცია აქციონერებს საშუალებას მისცემს, გასხვისებული ბიზნესებისთვის გარკვეული ღირებულება აღიდგინონ, იმ საერთაშორისო ბიზნესებისთვის, რომლებსაც შევინარჩუნებთ, გახსნის ზრდის პოტენციალს და გაყიდულ ბიზნესებს საშუალებას მისცემს, ახალ მფლობელობაში იმუშაონ". - თქვა Yandex-ის თავმჯდომარემ, ჯონ ბოინტონმა.

Yandex NV იმ აქტივებს შეინარჩუნებს, რომლებიც რუსეთში არაა და საერთაშორისო ბაზარზეა, მაგალითად, ხელოვნური ინტელექტის ღრუბლის პლატფორმას. 

რადგან კომპანია რუსეთისთვის "არამეგობრულ" ქვეყანაში, ნიდერლანდებშია, რეგისტრირებული, რუსული კანონის მიხედვით, რუს ინვესტორებზე 50%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება. ტრანზაქციის დაახლოებით ნახევარი ხელზე, ჩინურ იუანში შედგება, რუსეთის საზღვრებს მიღმა, დანარჩენი კი კომპანიის აქციებს შეადგენს. 

მანამდე, 2022 წელს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ და რუსეთზე სანქციების დაწესების ფონზე Yandex-ის დირექტორთა საბჭო ორმა წარმომადგენელმა თანამდებობა დატოვა.

თანამდებობა ასევე დატოვა კომპანიის დამაარსებელმა, არკადი ვოლოჟმა, მას შემდეგ, რაც 2022 წლის ივნისში ევროკავშირმა მასზე სანქციები დააწესა. 

ვოლოჟმა, რომელიც ისრაელში ცხოვრობს, მოგვიანებით, 2023 წლის აგვისტოში ომი დაგმო და ის "ბარბაროსულად" მოიხსენია. 

კომენტარები