რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ-სთვის რუსული შეიარაღების გადაცემის ფონზე, რუსეთი ეკვადორული ბანანის იმპორტს წყვეტს

მარჯვნივ - ეკვადორის შეიარაღებაში მყოფი 9К33 Оса

მას შემდეგ, რაც ეკვადორმა აშშ-ს გადასცა საბჭოთა კავშირის დროს წარმოებული რუსული შეიარაღება, რუსეთმა, დიპლომატიური კრიზისის ფონზე, ქვეყანაში სამხრეთამერიკული სახელმწიფოს ბანანის იმპორტი შეაჩერა.

რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა, როსსელხოზნადზორმა ეკვადორის შესაბამის ორგანოებს გაუგზავნა მოთხოვნა, რომ შეაჩერონ ადგილობრივი წარმოების ბანანებისა და მიხაკების სერტიფიკაცია. 2 თებერვალს როსსელხოზნადზორი საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე ირწმუნებოდა, რომ ეკვადორულ ბანანებში აღმოაჩინეს "სახიფათო საკარანტინო ობიექტი", ბუზი მეგასელია სკალარი, ხოლო მიხაკებში დასავლური ყვავილი თრიპსი, რომელიც ასევე პარაზიტია.

ეკვადორი მსოფლიოს უდიდესი ბანანის ექსპორტიორია. 2022 წელს მათ ამ ხილით 3.5 მილიარდი დოლარამდე მოგება ნახეს. ყოველწლიური გაყიდვების 1/5 რუსეთზე მიდიოდა.

31 იანვარს ეკვადორის პრეზიდენტმა, დანიელ ნობოამ თქვა, რომ აშშ-ს რუსულ სამხედრო ტექნიკას გადასცემდა. სანაცვლოდ კი 200 მილიონი დოლარის ღირებულების ამერიკულ შეიარაღებას მიიღებდნენ. ნობოამ გაცემულ ტექნიკას "ჯართი" უწოდა და დაამატა, რომ მას ჩაანაცვლებენ ახალი აღჭურვილობით, რაც ნარკოტიკებით მოვაჭრე ბანდებთან საბრძოლველად სჭირდებათ.

აშშ საბჭოთა კავშირის დროს შექმნილ და სხვა, რუსულ შეიარაღებას სხვადასხვა ქვეყნებისგან ყიდულობს, რათა უკრაინას გადასცენ.

შეთანხმება დაგმო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და უწყების სპიკერმა, მარია ზახაროვამ თქვა, რომ ეს "დაუფიქრებელი გადაწყვეტილება" იყო და ეკვადორი კონტრაქტის დარღვევაში დაადანაშაულა.

ეკვადორის შეიარაღებაში სხვადასხვა ტექნიკასთან ერთად იყო საბჭოთა წარმოების საზენიტო სისტემა 9К33 Оса და Ми-8М-ის ტიპის ვერტმფრენები.

კომენტარები