დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

CBS: აშშ-მ ერაყსა და სირიაში ირანულ სამხედრო ობიექტებზე იერიშების გეგმა დაამტკიცა

აშშ-ს საჰაერო იერიშები სირიაში ISIS-ზე
Senior Airman Matthew Bruch/Air Force

ამერიკულ ტელეკომპანია CBS News-თან აშშ-ს მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ აშშ სირიასა და ერაყში ირანულ სამხედრო სამიზნეებზე იერიშების მიტანის გეგმაზე შეთანხმდა. მათი თქმით, ირანულ ობიექტებსა და პერსონალზე თავდასხმები რამდენიმე დღე გაგრძელდება.

ამას გარდა, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 30 იანვარს განაცხადა, რომ დრონებით თავდასხმაზე აშშ-ს პასუხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიიღო. ხოლო სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის თქმით, აშშ-ს პასუხი "მრავალდონიანი, ეტაპობრივი და დროის გარკვეულ მონაკვეთზე შენარჩუნებული" იქნება.

28 იანვარს, ჩრდილოეთ იორდანიაში, სირიის საზღვართან ახლოს დრონებით მიტანილ თავდასხმას 3 ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა. დაჭრილია სულ მცირე 40 ჯარისკაცი. Reuters-ის წყაროები ამბობენ, რომ აფეთქებები მოხდა გამთენიისას, ყაზარმების მიმდებარედ.

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა იორდანიაში ამერიკელი სამხედროების დაღუპვასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში პირობა დადო, რომ ყველა, ვინც ამ თავდასხმაში იყო ჩართული, პასუხს აგებს.

"სამი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც დავკარგეთ, იყვნენ პატრიოტები, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. მათ მიერ გაღებული უდიდესი მსხვერპლი ჩვენს ერს არასდროს დაავიწყდება. ჩვენ, ყველას ერთად, გვაქვს წმინდა ვალდებულება მათი ოჯახების მიმართ. ჩვენ ვეცდებით ვიყოთ მათი ღირსებისა და სიმამაცის ღირსი. გავაგრძელებთ მათ მონდომებას ტერორიზმთან ბრძოლაში და ეჭვი არ შეგეპაროთ, ყველას ვაგებინებთ პასუხს ჩვენს მიერ შერჩეულ დროსა და გზებით". – თქვა ბაიდენმა განცხადებაში.

ამას გარდა, თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა აღნიშნა, რომ ამერიკულ ძალებზე თავდასხმებს არ მოითმენენ.

"მე და პრეზიდენტი არ მოვითმენთ ამერიკულ ძალებზე თავდასხმებს და მივიღებთ ყველა საჭირო ზომას აშშ-ს, ჩვენი ძალებისა და ჩვენი ინტერესების დასაცავად". – თქვა აშშ-ს უწყების მეთაურმა.

იორდანიაში ამერიკელ სამხედროებზე მომხდარი თავდასხმიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ერაყში მყოფმა ირანის მარიონეტულმა დაჯგუფებამ ქათა'იბ ჰეზბოლაგანაცხადა, რომ რეგიონში აშშ-ს ჯარისკაცების წინააღმდეგ ყველანაირ სამხედრო მოქმედებებს წყვეტს. მათი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზანი ერაყის მთავრობისთვის "სირცხვილის არიდებაა".

"ჩვენი მხრიდან საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ სამხედრო და უსაფრთხოების მოქმედებების შეწყვეტის გამოცხადების პარალელურად - რისი მიზანიც ერაყის მთავრობისთვის სირცხვილისგან თავის არიდებაა - ღაზაში ჩვენი ხალხის სხვა გზებით დაცვას გავაგრძელებთ". - ამბობს ქათა'იბ ჰეზბოლას გენერალური მდივანი აბუ ჰუსეინ ალ-ჰამიდავი განცხადებაში, რომელიც დაჯგუფების Telegram-ზე გავრცელდა.

ერაყში ჰეზბოლას დაჯგუფების განცხადებას პენტაგონის პრესმდივანი, გენერალ-მაიორი პატრიკ რაიდერი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "მოქმედებები უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე - სიტყვები". მისი თქმით, ჰეზბოლას მხრიდან აშშ-ს ჯარისკაცების წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის მიუხედავად, სამი ამერიკელი ჯარისკაცის მოკვლისთვის დამნაშავეები პასუხს მაინც აგებენ.


ჰამასის მიერ 7 ოქტომბერს ისრაელზე მიტანილი თავდასხმის შემდეგ ახლო აღმოსავლეთში ვითარება გამწვავდა. გააქტიურდნენ ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფები, რომლებიც აშშ-ს ძალებს სირიასა და ერაყში რეგულარულად ესხმიან თავს. პარალელურად წითელ ზღვაში სავაჭრო ხომალდებს თავს ესხმიან იემენელი ჰუსიტები, რაზეც აშშ და დიდი ბრიტანეთი საპასუხო დარტყმებით რეაგირებს. 

24 იანვარს აშშ-მ საპასუხო იერიში მიიტანა  ირანის მიერ მხარდაჭერილ შიიტურ დაჯგუფება კათაიბ ჰეზბოლასა და სხვა პროირანული ძალების სამიზნეებზე. აქამდე, 20 იანვარს ირანის მიერ მხარდაჭერილმა დაჯგუფებებმა ამერიკულ ბაზაზე თავდასასხმელად ბალისტიკური რაკეტები გამოიყენეს.

კომენტარები