ჰუსიტების თავდასხმები წითელ ზღვაში

ჰუსიტების თავდასხმის შემდეგ, ადენის ყურეში ნავთობის ტანკერი იწვის

ნავთობის ტანკერი მარლინ ლუანდა
FRANK FINDLER

მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავ ნავთობის ტანკერ მარლინ ლუანდას ოპერატორის, Trafigura-ს თქმით, ჰუსიტების მიერ რაკეტებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, გემზე ცეცხლი გაჩნდა.

როგორც ტანკერის ოპერატორი BBC-ის ეუბნება, ცეცხლი გემის ერთ-ერთ სატვირთო ავზში გავრცელდა და მის ჩასაქრობად ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობას იყენებენ.

მანამდე Trafigura-მ დაადასტურა, რომ ადენის ყურეში მარლინ ლუანდას რაკეტა მოხვდა და სამხედრო გემები მის დასახმარებლად მიემართებოდნენ.

ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა BBC-ის და CBS-ს უთხრეს, რომ ხანძარი გემსაწინააღმდეგო ბალისტიკურმა რაკეტამ გამოიწვია და თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.

მოგვიანებით, აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ თქვა, რომ შაბათს, 27 იანვარს, ადგილობრივი დროით 03:45 საათზე წითელი ზღვისკენ გაშვებული ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა გაანადგურეს.

თავდასხმას გამოეხმაურა ჰუსიტების წარმომადგენელიც. იაჰა სარეას თქმით, ჯგუფმა "არაერთი შესაბამისი საზღვაო რაკეტა" გამოიყენა და 26 იანვარს განხორციელებული დარტყმა "ზუსტი" იყო.

ღაზაში მიმდინარე ჰამას-ისრაელის ომის ფონზე, ირანის მიერ მხარდაჭერილმა იემენელმა ჰუსიტებმა წითელ ზღვასა და მიმდებარე წყლებში სავაჭრო ხომალდებზე თავდასხმები გაახშირეს.

ვინ არიან იემენელი ჰუსიტები და რა საფრთხეს უქმნიან ისინი მსოფლიო ვაჭრობას და ეკონომიკას

წითელი ზღვა, რომელზეც გლობალური ვაჭრობის დაახლოებით 12% გადის, აზიასა და ევროპას შორის საქონლის გადატანისთვის უმოკლეს და უმნიშვნელოვანეს საზღვაო გზაზე მდებარეობს.

ბოლო პერიოდში ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფების მიერ წითელ ზღვაში მცურავ საერთაშორისო სატვირთო გემებზე განხორციელებული თავდასხმების აღსაკვეთად, რამაც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საზღვაო გზაზე მიმოსვლა შეაფერხა, აშშ-მ და გაერთიანებულმა სამეფომ იემენში ჰუსიტების წინააღმდეგ იერიშები წამოიწყეს.

კომენტარები