პოლონეთი

კაჩინსკის თქმით, ტუსკი პირადად გასცემს ბრძანებას, მოშიმშილე დეპუტატებს ძალით აჭამონ

Radio Kielce

პოლონეთის მთავარი ოპოზიციური პარტიის, კანონი და სამართლის ლიდერმა იაროსლავ კაჩინსკიმ პოლონეთის პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი მოშიმშილე დეპუტატის წამებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ პირადად მისი ბრძანებით მარიუშ კამინსკის საკვების მიღებას აძალებენ

მარიუშ კამინსკის თქმით, მისი პატიმრობის ბოლო დღეს ის საპატიმროში საწოლზე დააბეს და იძულებით აჭამეს. კამინსკი მის მოადგილესთან ერთად უკვე რამდენიმე კვირაა, რაც შიმშილობს, რადგან ისინი ძალაუფლების გადაჭარბების ბრალდებით დააკავეს. კამინსკი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს.

კაჩინსკის თქმით, პოლონეთი ახლა განსაკუთრებულ სიტუაციაშია და კონსტიტუციამ უკვე მისი შემბოჭველი ძალა დაკარგა. 


10 იანვარს ვარშავაში პოლონეთის პოლიციამ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, მარიუშ კამინსკი და მისი მოადგილე, მაჩიეი ვონშიკი დააკავა.

პოლიტიკოსები დააკავეს 9 იანვრის ღამეს, პრეზიდენტის სასახლეში, სადაც ისინი საკუთარი მრჩევლების დანიშვნის ცერემონიაზე პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ დაიბარა. დუდა დაკავების დროს შენობაში არ იმყოფებოდა, ის ბელვედერის სასახლეში იყო და ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას ხვდებოდა.

პოლიციამ აღნიშნა, რომ კამინსკი და ვონშიკი სასამართლოს მიერ 8 იანვარს გამოტანილი გადაწყვეტილების საფუძველზე დააკავეს. პოლიტიკოსები დაკავებით გაკვირვებული იყვნენ, თუმცა, წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. 

2015 წელს ვარშავის სასამართლომ მარიუშ კამინსკისა და მაჩიეი ვონშიკს თავისუფლების 3 წლით აღკვეთა მიუსაჯა. მათ 2007 წლის ე.წ. მიწის საქმეში ძალაუფლების გადაჭარბება ედებოდათ ბრალად.

2007 წელს კამინსკი პოლონეთის ცენტრალური ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი იყო და ცდილობდა, დაემტკიცებინა, რომ მაღალჩინოსნები მიწის ნაკვეთების ოპერაციებში დახმარებისთვის ქრთამს იხდიდნენ.

2015 წელს კამინსკი და ვონშიკი ანდჟეი დუდამ შეიწყალა, თუმცა 2023-ში უზენაესმა სასამართლომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება გააუქმა და საქმის ხელახალი გადახედვა დაიწყო. დეკემბრის ბოლოს სასამართლომ კამინსკისა და ვონშიკს თავისუფლების 2 წლით აღკვეთა შეუფარდა. მათ ჩამოერთვათ სეიმში არსებული მანდატებიც, რომლებიც პარტია კანონი და სამართლიანობის ფარგლებში ჰქონდათ. ამავე პარტიის წევრია პრეზიდენტი დუდაც.

მთავრობის მიერ პოლიტიკოსების დაკავებას პარტია კანონი და სამართლიანობის წევრების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. მათი თქმით, ახალი პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი კანონის უზენაესობის პრინციპს არღვევს. 

11 იანვარს პარლამენტის წინ აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც კამინსკისა და ვონშიკის გათავისუფლებას ითხოვენ და ტუსკის მთავრობის გადაწყვეტილებებს აპროტესტებენ. თვითონ დაკავებულმა პოლიტიკოსებმა თქვეს, რომ შიმშილობას გამოაცხდებენ.

კომენტარები